ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი "ვითიბი ბანკი ჯორჯია" შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, "ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან" ერთად ადრევე შეიმუშავა სანქციების დაწესების შემთხვევისთვის სამოქმედო გეგმა და შედეგად, "ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული".

ამის შესახებ ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსულ ბანკებზე სანქციების დაწესებას ეხმაურება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მზად არის დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში "ვითიბი ბანკი ჯორჯია" შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს.

"ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის "ვითიბი ბანკის" ჯგუფს და მის წევრ სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" სანქციები დაუწესა. აღნიშნული, აქამდე დაწესებულ სანქციებთან ერთად, გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება.

პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან" ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია", აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები