ახალი ამბები
ცხინვალი შიშობს, რომ თბილისში ნეონაცისტური განწყობები იზრდება
,,ნეონაცისტური განწყობები საქართველოში იზრდება'' - ამის შესახებ იმ განცხადებაშია საუბარი, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. ნეონაცისტური განწყობები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გამოჩნდა. ,,კგბ'' მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოდან უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეები წავიდნენ.

"ორი ათასმა აგრესიულმა ქართველმა მოხალისემ, სააკაშვილის რადიკალი მხარდამჭერებიდან, გამოთქვა სურვილი შეუერთდნენ ბრძოლას. თბილისის რეჟიმი, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს თავისი პასუხისმგებლობა 1920 წლიდან 2008 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებზე, მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ბანდერისტებს და საკუთარი რევანშისტული მიზნების გამოვლენას აგრძელებს''- ნათქვამია კგბ-ს განცხადებაში.

,,კგბ'' თვლის, რომ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები რეაგირებას არ ახდენენ, რაც ქმნის სერიოზულ წინაპირობებს დაძაბულობის ესკალაციისთვის.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრეს-სამსახურმაც:

"რიგი ოპოზიციური პარტიები მოძრაობები უკრაინის მხარდასაჭერ ქუჩის აქციებს მართავენ თბილისსა და ბათუმში. საქართველოს ხელისუფლებამ და ადგილობრივმა ელიტამ რუსეთის ფედერაციის მოქმედებები უკრაინაში ნეგატიურად შეაფასეს, თუმცა მწვავე პროვოკაციული გამონათქვამებისა და შეფასებებისგან თავს იკავებენ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საქართველო არ შეუერთდა. საქართველოში მთლიანობაში სტაბილურია სიტუაცია.". - აღნიშნულია ბიბილოვის განცხადებაში.

საქრთველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხე და რისკები, რომელიც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს.

"დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი, უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი, დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ, როგორც ხელისუფალნი, რომელიც პასუხისმგებელნი ვართ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებელნი ვართ ყველაფერზე. მე ჩემს გამოსვლაში, მიმართვაში ვთქვი, რომ მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არაფერს გავაკეთებ, რომელიც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს, არაფერს. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები