ახალი ამბები
,,არ მინდა იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008 წელს იყო'' - საგარეო საქმეთა მინისტრი
,,არ მინდა ვიხილო თბილისის მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები'' - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოში რუსული ტანკები დიდი ხანია დგანან, შესაბამისად, მათ შეუძლიათ რამდენიმე წუთში ქვეყანა თავდაყირა დააყენონ. ჟურნალისტებმა მას დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არ უერთდება საქართველო იმ სანქციებს, რაც რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს ქვეყნები ატარებენ:

,,რა გგონიათ, ჩვენ ნაკლები პატრიოტები ვართ?! ჩვენი ცხოვრებითა და საქმიანობით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინაშე ბრძოლა, რასაც უკანონობის წინაშე ბრძოლა ჰქვია საქართველოში. როგორ გგონიათ პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა არ უნდა ეკიდებოდეს ასეთი სიფრთხილით პროცესს მაშინ, როდესაც 40 კილომეტრში დგანან?! მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი, რამდენიმე წუთი დასჭირდებათ იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ?! ის, რომ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ბორელი გამოდის და ამბობს, რომ შემდეგი შესაძლოა საქართველო იყოს, ეს ხომ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები არ არის, ეს ხომ ეფუძნება გარკვეულ საფრთხეებსა და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გვაქვს. რაც გვალაპარაკებს არის პასუხისმგებლობა თქვენსა და ჩვენი შვილების წინაშე. მე არ მინდა იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008 წელს იყო, არ მინდა ვიხილო თბილისის მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები, დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა, ის უმძიმესი მდგომარეობა, როგორც ქართველებს ექცეოდნენ და სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთის ფედერაციიდან აძევებდნენ'' - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში საომარი მოქმედებებია. 24 თებერვალს რუსეთის არმია შეიჭრა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცდილობენ უკრაინის ხელისუფლების შეცვლას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები