ახალი ამბები
,,წავიდეთ წინ თავისუფალ მსოფლიოსთან ერთად თუ დავბრუნდეთ უკან რუსულ საბჭოთა წარსულში? - გიორგი ხოჯევანიშვილი
,,დღეს ქვეყნის მომავლის ბედი წყდება - წავიდეთ წინ თავისუფალ მსოფლიოსთან ერთად თუ დავბრუნდეთ უკან რუსულ საბჭოთა წარსულში.'' - აცხადებს გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი გიორგი ხოჯევანიშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას უნდა აუხსნას, თუ რას გეგმავს საქართველოს მთავრობა.

,,უახლესი ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში, ხელისუფლება ან დუმილს ირჩევს, ან ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს აფიქსირებს - ხან ამბობს, რომ საფრთხე არ არსებობს, ხან რუსული აგრესიის რისკებს გვიანონსებს. სამწუხაროდ დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც მთავრობის მეთაურს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ დასცდენია არცერთი სიტყვა. გაურკვევლობის ასეთი მაღალი ხარისხი ტოვებს სივრცეს რადიკალური განცხადებებისა და ქმედებებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.'' - წერს ხოჯევანიშვილი.

ის ხელისუფლებისგან მოვითხოვს - დაელაპარაკეოს მოქალაქეებს:

,,შესაბამისად, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ - დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით რა ხდება! გვითხარით, რა გეგმა გაქვთ:

1. ქვეყნის უსაფრთხოებასთან, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, დაკავშირებით

2. მიგრაციის რეჟიმთან დაკავშირებით - რეგიონში ომის გამო, ვხედავთ, რომ გაზრდილია მიგრაცია. სად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ვალდებულია მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო საფრთხეების შესახებ

3. ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესების დაცვისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინასა და რუსეთში მცხოვრები და მომუშავე 1 მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქისთვის

4. სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით - რას უპირისპირებთ ფასების ზრდასა და კურსის გაუფასურებას? საქართველოს რესურსები სანქციების დაწესების თვალსაზრისით რომ შეზღუდულია, არ ვდაობთ, მაგრამ ხომ არ უნდა დავუშვათ, ვიმოქმედოთ თავისუფალი მსოფლიოს საპირისპიროდ და რუსეთის ინტერესებში

5. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების პარალელურად - ხომ იცით, რომ ეს პროცესი აქ არ სრულდება?!'' - აღნიშნავს ხოჯევანიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები