ახალი ამბები
ცხინვალში ოპოზიცია თვლის, რომ ანატოლი ბიბილოვი უკრაინის ამბების გამო ,,საპრეზიდენტი არჩევნებს'' ჩაშლის
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ანატოლი ბიბილოვის მოწინააღმდეგები ფიქრობენ, რომ 10 აპრილის არჩევნები ჩაიშლება.

როგორც ისინი ირწმუნებიან, ბიბილოვის რეიტინგი მაქსიმუმ 30%-ს აღწევს. დაბალი რეიტინგის მიზეზად წნელისის საგუშაგოს მიმართ მოქმედი პრეზიდენტის რბილი დამოკიდებულება სახელდება. წნელისის საგუშაგო საქართველოს შს სამინისტრომ 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დადგა.

რაც შეეხება 2022 წლის 10 აპრილის არჩევნებს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, მათი აზრით, არჩევნების ჩასაშლელად საუკეთესო პერიოდია.

სოციალურ ქსელში, (ოსური დღის ამბების სახელით) საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფში, განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მომხრეები აქტიურობენ. ისინი წერენ, რომ არჩევნების ჩაშლის შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებას რეაქცია არ ექნება, რადგან ის უკრაინის ამბებზეა გადართული, ხოლო ბიბილოვის მომხრეები (ბოტების ფერმა), ცხინვალში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს, პროდასავლურად მონათლავენ.

,,ამიტომ, ყველა ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მოგიწოდებთ გაერთიანებისკენ. ეს არჩევნები არის საციცოხლო მნიშვნელობის, ბიბილოვის რეჟიმი უნდა დამთავრდეს'' - წერენ ოპოზიციონერები.

10 აპრილს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები იმართება. რეგისტრირებულია 15 კანდიდატი. კანდიდატებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაკომპლექტებულ კომისიაში ოსურისა და რუსული ენის ცოდნის შემოწმებაც ევალებათ.

ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ენის  ,,გამოცდებზე'' გასვლაზე უარი განუცხადა ორმა კანდიდატმა. მათ შორისაა, ბიბილოვი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები