ახალი ამბები
„აგარის შაქარი“ სრული დატვირთვით მუშაობას 1 აპრილიდან განაახლებს
1 აპრილიდან ქარხანა „აგარის შაქარი“ სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ ქარხნის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ის დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომლის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში 1 აპრილიდან უზრუნველყოფილი იქნება შაქრის შეუფერხებელი მიწოდება.

"პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები",- განაცხადა "აგარის შაქარი" წარმომადგენელმა.

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს. მოსახლეობა შიშობს, რომ ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები