ახალი ამბები
ცხინვალის კგბ აცხადებს, რომ მათ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც რუსულ სამხედრო ბაზასთან პროვოკაციის მოწყობა სურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, 35-წლის მამაკაცი, რომელსაც რუსეთის სამხედროების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა სურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა სპუტნიკი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, სააქართველოს მოქალაქე 26 მარტს სოფელ გოიანთკარში (ცხინვალის რაიონის სოფელ ზემო არცევის სიახლოვეს) დააკავეს.

არცევი ემიჯნება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშს.

როგორც ცხინვალის კგბ იტყობინება, პირი 2006-2009 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ცხინვალის მხარე დარწმუნებულია, რომ მამაკაცი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებშიც.

გარდა ამისა, დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული პირი რამდენიმე დღით ადრე ცდილობდა უკრაინაში რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლას.

"იგი ცდილობდა შეერთებოდა ქართულ ლეგიონს უკრაინაში და, როგორც მოხალისე, მონაწილეობა მიეღო რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში დონბასში", - აღნიშნულია კგბ-ს განცხადებაში.

კგბ-ს პრეს-სამსახურის განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო უკრაინაში არ გაუშვეს:

,,რის შემდეგადაც გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლა და რესპუბლიკაში რუსული სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ პროვოკაციის განხორციელება'' - აღნიშნულია კგბ-ს განცხადებაში.

ცხინვალის კგბ ასევე ირწმუნება, რომ მათ აქვთ ვიდეო, რომელიც აღნიშნულმა მოქალაქემ წინასწარ ჩაწერა. ამ ვიდეოს მიხედვით, როგორც კგბ ირწმუნება, იგი მიმართავს საქართველოსა და უკრაინის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც ქართველ სამხედროებს, პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოდან "რუსებს დაარტყამს".

კგბ-ს განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:

,,რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ მდგომარეობას.''
Print

სტატიის გამოყენების პირობები