ახალი ამბები
გორის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს ულოცავენ ბათუმის იმ უბნის შედეგებს, სადაც კოორდინატორად იყო მივლინებული
იმ უბანზე, სადაც ბათუმში, კოორდინატორად გორის ვიცე-თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე იყო მივლინებული, ,,ქართული ოცნების'' კანდიდატმა თითქმის 70%-ით გაიმარჯვა.

ამ შედეგს გორის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' ლიდერი მიხეილ გოგინაშვილი გორის გამარჯვებად თვლის, ხოლო წარმატებას მარლენ ნადირაძეს ულოცავს.

,,სტატუსი უბრალოა. პარტიული წევრი. რომელსაც ბევრი არჩევნების გამოცდილება აქვს, ეხმარება უბნებს ტექნიკურ საკითხებში. ყველა პარტია გზავნის.  ჯერ ერთი, ერთად ვიყავით მე და მარლენი. კი არ მივულოცე, მის გვერდზე გავაზიარე. რადგან ორივე ვიყავით. მეორეც მარლენის დამსახურებააო რო წერს ჟურნალისტი, თავისნაირი უტვინო გონია ეტყობა გარშემო სამყარო. გორმა მონაწილეობა მიიღო და შეიტანა წვლილი. თუ ვერ არკვევს, რა წერია, შეუძლია იკითხოს და სისულელეები არ წეროს.'' - ასე გამოეხმაურა მიხეილ გოგინაშვილი სტატიას.

ბათუმში 2 აპრილს საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის შუალედური არჩევნები ჩატარდა.

წინასწარი მონაცემების თანახმად, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ ხმათა 69 პროცენტი, 7190 ხმა მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ კი – 31 პროცენტი, 3233 ხმა.

წინასწარი მონაცემებით, ბათუმში არჩევნებზე 10 578 ამომრჩეველი მივიდა, ამომრჩეველთა 51.3 პროცენტი.

არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში წინასწარი შედეგების დათვლა ბათუმში შესაძლებელი გახდა ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატებით.

"ბათუმის 14-ვე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დაითვლიან და სწორედ ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე მონაცემები" – აცხადებს ცესკო.

ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 29 საჩივარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები