ახალი ამბები
ფერმერები ჩივიან, რომ აგროქიმიკატებისა და პესტიციდებზე ფასები გაიზარდა
ფერმერები ჩივიან, რომ აგროქიმიკატებისა და პესტიციდებზე ფასები გაიზარდა. ისინი წერენ, რომ ზოგიერთი მათგანის ღირებულება გაორმაგდა.

საქართველოს მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში საკმარისი მარაგია.

ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არსებული მარაგების და იმპორტის განხორციელების კუთხით ვითარება განიხილეს.

"დღევანდელ შეხვედრაზე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადყოფნის საკითხები განვიხილეთ. როგორც აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ქსელი მზადაა საგაზაფხულო სამუშაოების დროს ფერმერების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს. ქვეყანაში მარაგები საკმარისია, ვინაიდან წინასწარ შემოტანილია ის რაოდენობა, რომელიც, პრაქტიკულად, მთელი მიმდინარე წლის მოხმარებაზეა გათვლილი. შემოტანა მსოფლიოს სხვადასხვა, ძირითადად ევროპული, ქვეყნებიდან ხორციელდება", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ, რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, მომარაგების თვალსაზრისით, შეფერხება არ აქვთ.

შეხვედრას აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 20-მდე იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები