ახალი ამბები
თეა წულუკიანმა გორის თეატრი მოინახულა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გორის დრამატულ თეატრს ეწვია. მასთან ერთად სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგო ბოცვაძე იმყოფებოდა.

მინისტრმა თეატრის შენობა დაათვალიერა და მის წინაშე მდგარ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ უმძიმესი ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე, რაც გორის თეატრის წინაშე დგას, კულტურის სამინისტრო მოიძიებს შესაბამის თანხებს და ყველა ძალისხმევას გასწევს იმისთვის, რომ მიმდინარე წელს დააფინანსოს გორის თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის შექმნა, ხოლო უკვე მომდევნო წლებში მიმდინარე წელს შექმნილი პროექტის შესაბამისად განხორციელდეს ამ უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრის შენობის რეაბილიტაცია, რათა იგი გადარჩეს.

მინისტრმა ისაუბრა შემოქმედებით პროცესზეც და აღნიშნა, რომ ამ პროცესში გორის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სამინისტროსგან აქვს სრული ნდობა.

"რასაკვირველია, ჩვენ გამოვიყენებთ აქ არსებულ შემოქმედებით-საკადრო რესურსს, მიუხედავად ასაკისა და ეს თეატრი ღია დარჩება ახალგაზრდებისთვის, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი იქნება არა ასაკი, არამედ ნიჭი და ის სერიოზულობა, რომლითაც თითოეული შემოქმედი ადამიანი უდგება ქართული თეატრის განვითარებას და იმ დიდი ტრადიციების შენარჩუნებას, რომელიც გორის თეატრში არსებობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები