ახალი ამბები
საქაშეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა 220-ე დღეა გაჩერებულია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა 220-ე დღეა შეჩერებულია. სამშენებლო კომპანიამ მუშაობა 2021 წლის ოქტომბერში შეწყვიტა.

ბოლოს ამ მდგომარეობაში გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა 2021 წლის ნოემბერში ნახეს.

ტენდერში გამარჯვებულია სამშენებლო კომპანია ,,წყალმომარაგება 2020''. მისი დირექტორი არის ორმაგი - საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე. მას მერიიდან არაერთხელ მოსთხოვეს, რომ სამუშაოების წარმოება გაეგრძელებინა.

საბოლოოდ გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2022 წლის 23 მარტს მოითხოვა შავ სიაში კომპანიის შეყვანა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიასთან ხელშეკრულება 2021 წლის 17 ივნისს გაფორმდა. სამუშაოები 210 დღეში უნდა დასრულებულიყო.

გარდა ამისა, ისიც ირკვევა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანიის ქონება შემოსასვლების სამსახურის მიერ იყო დაყადაღებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები