ახალი ამბები
ქარელის მერიამ შავ სიაში შეიყვანა კომპანია, რომელიც ისედაც შავ სიაში იყო
ქარელის მერიის შენობაში მეტალოპლასტმასის ფანჯრები კომპანია ,,ზუკა მშენს'' უნდა შეეცვალა.

თუმცა, 6-ჯერ გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიამ სამუშაოები არ დაიწყო. ხელშეკრულება 2021 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა. სამუშაოები 30 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა კომპანიის დირექტორი ბოლოს 11 იანვარს გააფრთხილა, რომ 3 დღეში დაეწყო სამუშაოები. თუმცა უშედეგოდ.

ქარელის მერის მოთხოვნით, ზუკა მშენი შავ სიაში 2022 წლის 23 მარტს შეეყვანეს. ამ დროს უკვე ზუკა მშენი ისედაც შავ სიაში იყო.

ჩვენ ვწერდით, რომ აღნიშნულ კომპანიას პრობლემები ჰქონდა გორის მერიასთან. კომპანიამ სკოლებში სველი წერტილების სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც თებერვალში გორის მერის მოთხოვნით შავ სიაში შეიყვანეს.

რაც შეეხება ქარელს, მუნიციპალიტეტში განუხორციელებელი დარჩა ასევე ორი სადარბაზოს სარემონტო სამუშაოებიც, მათ შორის, ერთი დაბა აგარაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები