ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობაა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობაა. ამის შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ემილია გაგიევმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 16.00 საათისთვის აქტივობამ 59.9% შეადგინა. 76 უბანზე გამოცხადდა 17 652 ამომრჩეველი. რეგისტრირებულია - 35 347.

ქალაქ ცხინვალში
ხმა მისცა ამომრჩეველთა 56,64%-მა,

ცხინვალის რაიონში – 65,77%-მა,

ჯავის რაიონში – 66,89%-მა.

დაბა კვაისაში - 55,92%,

ზნაურის (ყორნისის) რაიონში - 68,25%,

ახალგორის რაიონში - ამომრჩეველთა 64,11%,

,,ამდენად, არჩევნები ჩაითვლება გამართულად, ვინაიდან აქტივობამ ამომრჩეველთა 50%-ს გადააჭარბა.'' - განაცხადა გაგიევმა.

მან დასძინა, რომ ვლადიკავკაზის №1 უბანზე 1472-მა ადამიანმა მისცა ხმა, მე-2 უბანზე 1454-მა, მოსკოვში გახსნილს უბანზე 300, ხოლო სოხუმში -19 ადამიანმა.

10 აპრილს მიმდინარე ,,არჩევნებზე'' 76 საარჩევნო უბანი გაიხსნა. წარდგენილია ხუთი კანდიდატი (მსურველი იყო 14).

კანდიდატებს შორისსაა მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. მის მთავარ კონკურენტად პარტია "ნიხასის" წევრს ალან გაგლოევს განიხილავენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

ამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. პროცესს განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რასაც ვერ შეცვლის ვერც "არჩევნები" და ვერც უკანონო "რეფერენდუმი".

"შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც "არჩევნები" და ვერც აპრიორი უკანონო "რეფერენდუმი", რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს".
Print

სტატიის გამოყენების პირობები