ახალი ამბები
გორის ქალთა გუნდის ხმები მთვარეზე გაიგზავნება
,,ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია! გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე მთვარეზე '' - ამ ინფორმაციას გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ავრცელებს.

მისი განცხადებით, აშშ- ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს - NASA - National Aeronautics and Space Administration-ის, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex (იდეის ავტორი Dr. Samuel Peralta), რომელიც გაიგზავნება მთვარეზე, სადაც შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრები მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. საქართველოდან კი შეირჩა გ ო რ ი ს ქ ა ლ თ ა გ უ ნ დ ი.

სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით, ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“ ეკუთვნის კომპოზიტორს, იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“ (სოლისტები თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი).

ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე - 2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს.

ნაწარმოებებთან ერთად გაიგზავნა ასევე გუნდის ბრწყინვალე ისტორიაც, რომლის დაარსება ეკუთვნის შალვა მოსიძეს და სანდრო კაჭარავას.

,,ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაცია „ნაკვალევი“-ს დამფუძნებელს, ქალბატონ თამარ გოგატიშვილს მხარდაჭერისთვის. მისი ჩართულობა რომ არა, ეს ამბავი არ მოხდებოდა. უღრმესი და უდიდესი მადლობა გიორგი გვარჯალაძეს, გვერდში დგომისთვის და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის! დიდი მადლობა ჩვენ ფილიპინელ მეგობარს, რომანა გოუს აქტიური მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის! უღრმესი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს თავდადებისთვის და მუსიკის ასეთი სიყვარულისთვის! მიუხედავად კოვიდის შემოტევისა, მაინც მოვახერხეთ ამ გენიალური საქმის ბოლომდე მიყვანა!'' - აღნიშნავს თეონა ცირამუა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები