ახალი ამბები
ხაშურელი ნიკა თიკანაშვილი „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნიკა თიკანაშვილი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

„რუსთაველის ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების დაფინანსება კარიერული წინსვლის შესანიშნავი შესაძლებლობა და დიდი მხარდაჭერაა. ფონდის დახმარებით 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება ჩემი პოსტ-სადოქტორო კვლევითი ადგილობრივი და საერთაშორისო აქტივობები, რომლებიც სადოქტორო კვლევის პერიოდში დაიწყო და დაკავშირებულია საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან“, – აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი.

ნიკა თიკანაშვილის პროექტის კვლევითი თემატიკა უკავშირდება ICAO - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული GANP - საჰაერო ნავიგაციის გლობალური სამოქმედო გეგმის შესრულებას. კერძოდ, ICAO მის წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, რეკომენდაციებს უწესებს კონკრეტული გასატარებელი სამუშაოების შესახებ, რათა ქვეყნები მომზადებულები დახვდნენ საჰაერო მიმოსვლის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ცნობილია, რომ გლობალური სანავიგაციო გეგმის დანერგვისა და განხორციელების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ტექნოლოგიური პროგრესის სწრაფი ტემპის პირობებში, საჰაერო მოძრაობის მართვის პერსონალის საჭირო კომპეტენციებით მომზადება წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემა მეტად შესამჩნევია იმ ქვეყნებში, რომლებმაც ბოლო დროის განმავლობაში დაიწყეს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის აქტიური მოდერნიზაცია.

„კვლევისას შემუშავებულია მათემატიკურ გამოთვლებისა და ალგორითმების გამოყენებით საჰაერო მოძრაობის მართვის პერსონალის კომპეტენციების შეფასების ონტოლოგიური მოდელი, როგორც ზემოთ მითითებული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ინსტრუმენტი,“ – ამბობს ნიკა თიკანაშვილი.

მიღებული გრანტის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას, სტატიების გამოქვეყნებას მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, სასწავლო სახელმძღვანელოს გამოცემასა და კვლევით ვიზიტებს უცხოეთში.

„პროექტის დასრულების შედეგად მიღებულ რეკომენდაციებში გათვალისწინებული იქნება უცხოური გამოცდილება, რომლის გაცნობისა და პრაქტიკული რეალიზებისათვის შემუშავებული სპეციალური გეგმის მიხედვით რეკომენდაციების მიწოდება მოხდება, როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით. რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოების დონის ამაღლებას.“ - აცხადებს ნიკა თიკანაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები