ახალი ამბები
აღდგომას დილით ქალი ლურჯ ავტობუსში შველას ითხოვდა
- დედა, იცი, ეხლა ავტობუსში ერთი ქალი იყო, შველას ითხოვდა, ამბობდა, ძალიან ცუდად ვარო. სახლ-კარი არ მაქვს, ვიღაცამ წამიყვანა ღამის გასათევად და იქ მცემესო. მძღოლს ეხვეწებოდა, მიშველეო.“ - ასეთი შინაარსის წერილი მისწერა დილით ავტობუსში მგზავრობის დროს მოზარდმა გოგონამ დედას ტელეფონში.

- მერე ეხლა როგორ არის? - უპასუხა დედამ.

- მძღოლმა გაჩერებაზე ერთ კაცს ჩააბარა - უთხრა, წაიყვანე, მაინც მარტო ხარ სახლში და გეყოლებაო.

- შვილო, ასეთ დროს, უნდა იცოდე, რომ სასწრაფოს გამოუძახო.

დედამ კი შვილის ნაამბობი რედაქციას გადმოგვცა. ძალიან განიცდის ჩემი შვილი ამ ამბავს და იქნებ გაარკვიოთ, რა ხდებაო.

აღდგომა დღე იყო. გავეშურეთ გორში. გზას ავტოტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს დავურეკეთ, ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილს.

- ასეთი რამ რომ მომხდარიყო, აუცილებლად გამაგებინებდნენო. მეცოდინებოდაო – გვიპასუხა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

გორში საღამოს ჩავედით. ბოლო გაჩერებაზე იმ ავტობუსებს დაველოდეთ, რომელშიც სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი ქალი იჯდა და დახმარებას ითხოვდა.

ჯერ ერთი ავტობუსი მოვიდა, მერე – მეორე. ორივე ავტობუსის მძღოლმა უარყო ფაქტი, ჩვენთან მსგავსი რამ არ მომხდარაო. ველოდებოდით მესამე ავტობუსს.

თუ მესამე მძღოლიც უარყოფდა ქალის არსებობას, მოზარდი მზად იყო, რომ თავად ემხილებინა მძღოლი.

მოვიდა მესამე ავტობუსიც და მძღოლმა დეტალურად მოგვიყვა, რაც მოხდა:

- ეს ქალი ძალიან ცუდად იყო. ამბობდა, მცემესო. სახლ-კარი არ ჰქონია. როგორც ამბობდა, წაუყვანია ღამის გასათევად ვიღაცას და მერე უცემია. გაჩერებაზე ერთმა კაცმა წაიყვანა. ახლა ვინც შეიფარა, მოხუცი კაცია, მარტო ცხოვრობს. იმ კაცს ადვილად მიაგნებთ, უბანში ყველა იცნობს.

გავეშურეთ იმ უბნისკენ, სადაც მარტოხელა პაპაკაცი ცხოვრობს. ასაკიდან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ აფთიაქში გამყიდველს ეცოდინებოდა მისი ბინის მისამართი:

- კი ვიცნობთ, რამე მოუვიდა?

- არა არაფერი, თვითონ კარგად არის. ერთი გაჭირვებული ადამიანი შეუფარებია და გვინდა ვნახოთ.

ფარმაცევტმა კორპუსის და ბინის მისამართი გვითხრა. კორპუსის ეზოში დიდი ხალხმრავლობა იყო. ბავშვები ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ, სხვა მოზარდები კალათბურთის ეზოში თამაშობდნენ. სკვერის ფანჩატურში ხნიერი კაცები აღდგომას აღნიშნავდნენ, სუფრა ჰქონდათ გაშლილი. ერთი სიტყვით დიდი მხიარეულება იყო ეზოში.

შევედით ბნელ სადარბაზოში და მივადექით მარტოხელა პაპაკაცის ბინა. კარი გაიღო და ბნელი დერეფნიდან მასპინძელი მოგვესალმა.

- გამარჯობა პაპა. ქალი რომ ცუდად იყო, თქვენ ჩაგაბარეს? სწორად მოვედით?

- კი აქაა, წევს ისევ.

- ცუდადაა?

- კი, ვერ დგება. მოდით ნახეთ.

- იქნებ დენი აანთოთ.

- დერეფანში არ ინთება.

- დავურეკავთ სასწრაფოს, იქნებ რამე დახმარება ჭირდება.

- კი შვილო, დაურეკეთ. კარგი იქნება. რამე რომ მოუვიდეს, მე არაფერი დამბრალდეს.

გამოვედით ეზოში და გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. ზუსტად 5 წუთში მოვიდნენ. გაივსო კორპუსის ეზო პოლიციის და პატრულის მანქანებით. ეზოში მხიარული იდილია რამდენიმე წამში დაირღვა.

ეზოში შეკრებილი მამაკაცები მაშინვე გამოიქცნენ სადარბაზოსკენ, პაპას ხომ არაფერი მოუვიდაო.

ბინაში ჯერ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები შევიდნენ, შემდეგ პატრულის თანამშრომლები, შემდეგ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, შემდეგ ჩვენ.

- არ მინდა თქვენი დახმარება, შემეშვით!“ - დაუყვირა ახალგაზრდა ქალმა ექიმებს.

,,- უი, ეს ხომ ის გოგოა?!“ - ხელი ჩაიქნია ექიმმა და მწყრალად გადმოგვხედა. უნდოდა ეთქვა, ამის გულისთვის გამოგვიძახეო?

,,უი, ეს ხომ ისაა...“ - იგივე გაიმეორა პოლიციის თანამშრომელმა.

- ვინ არის? ვინ არის? - კითხულობენ მეზობლები.

პოლიციელებმა დაიწყეს იმის მოყოლა, თუ ვინაა ეს ადამიანი, რომელიც საწოლზე უმოძრაოდ იწვა, თავი ბალიშში ჰქონდა ჩარგული და ზევით აღარც აუხედავს. აღარც განძრეულა.

- რამე შარში არ გაეხვიო. იცნობ? აქ როგორ აღმოჩნდა?“ - ეკითხებოდნენ პაპას.

ამასობაში სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე გიორგი პატიაშვილი მოვიდნენ.

- კი ვიცნობთ ვინცაა“ - თქვა პატიაშვილმა.

იმ წუთას ოთახში ყველანაირი ვერსია დაასახელეს, თუ რა შეემთხვეოდა ამ ქალს, გარდა ძალადობისა და ცემისა. არც ექიმებსა და არც პოლიციელებს არ განუხილავთ ძალადობის ფაქტი, ეს უაპელაციოდ გამორიცხეს და მეზობლებიც დაარწმუნეს.

ქალი კი გაუნძრევლად იწვა საწოლზე. ბინის ორ ოთახში კი ხალხი ირეოდა. ზოგი ზემოდან უყურებდა, ზოგი შორიდან შეიხედავდა და მერე ისევ გადიოდა ოთახიდან.

- უეჭველი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშაა. პირველი არ ხარ, ვინც დარეკე. ეს უკვე მე-15 ზარია“ - გვითხრა უფროსის მოადგილემ პაპიტაშვილმა.

პატრულის თანამშრომელმა ოქმი შეადგინა, გამოკითხვის ოქმზე ხელი მოგვაწერინა და საქმე სიხარულით გამოსაძიებლად კრიმინალურ პოლიციას გადასცა. პატრულის თანამშრომელს ისეთი ოხშივარი ასდიოდა, ერთი სული ჰქონდა შეერთებოდა იმ სააღდგომო სუფრას, საიდანაც მოულოდნელად გამოიძახეს.

- კი, მაგრამ რამდენჯერ უნდა წავიყვანოთ საავადმყოფოში? - ცხარობდნენ ექიმები.

- ის ცემის შესახებ საუბრობდა ავტობუსში – ვუთხარით ექიმს.

- წაქცეული იქნება შვილო. რაც გამოჩნდა გორში, ასე ემართება.

სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი პაპიტაშვილი ისევ დაბრუნდა ოთახში ტელეფონით, ფოტო უნდა გადავუღოო.

მწოლიარე ქალს სახე გაუსწორეს და თმები გადაუწიეს, მარჯვენა თვალის ქუთუთოზე სილურჯეები ჰქონდა. რამდენიმე ფოტო გადაუღო პაპიტაშვილმა და ტელეფონზე ვიღაცას გადაუგზავნა.

დავრწმუნდით, რომ დაზიანებები აქვს.

გამოვედით პოლიციის მანქანებით სავსე ეზოში.

ტელეფონზე ინფორმაციის დასაზუსტებლად 112-დან დაგვირეკეს ისევ. საუბრის დროს, ერთი, შავებში ჩაცმული ქალი იდგა ეზოში, ჩემგან ახლოს იდგა და მისმენდა, აინტერესებდა, რა ხდებოდა, მაგრამ ვერ მეკითხებოდა. მის სახეზე თანაგრძნობის განცდა იკითხებოდა. ტელეფონზე ხმამაღლა საუბარი დავიწყე, რომ მასაც გაეგო, რატომ შევაწუხე პოლიცია და ექიმები ასეთ ქრისტიანულ დღეს.

სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე კორპუსის კართან საუბრობდნენ:

- რამე სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, რომ ეს ქალი წაიყვანონო?“ - ერთმანეთს უზიარებდნენ აზრებს.

სასწრაფო დახმარების მანქანაში კი ექიმები დირექტივას ელოდნენ, რა მოემოქმედებინათ.

სამმართველოს უფროსს ვუთხარი, რომ ჩემი დაკითხვა ამ პირობებში ვერ მოხერხდებოდა და მერჩივნა, მშვიდ ვითარებაში ჩამოერთმიათ ახსნა-განმარტება.



ნახევარ საათში გამომძიებელმა გვარამაძემ თავის კაბინეტში შეადგინა გამოკითხვის ოქმი. გამოკითხვის ოქმის შინაარსი დავამთარე იმით, რომ ადგილზე გამოცხადდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

აქ გამომძიებელი ოდნავ შეყოვნდა, ცოტა ხანს დამელოდე და მოვალო.

ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა გამომძიებელი და მეუბნება, ისიც დაწერე, ოთახში რაც მოისმინეო.

- რა მოვისმინე ოთახში? - კითხვა შევუბრუნე

- აი, მაგალითად, ის, რომ ქალი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო

- და ეს მე არ ვიცი, ნამდვილად ასე იყო თუ არა

- შენ ხომ მოისმინე?

- იქ ძალიან ბევრ რამეს საუბრობდით. მე სახელმწიფოს ჩავაბარე ეს ადამიანი...

- კარგი, დამელოდე კიდევ ცოტა ხანს.

გავიდა გამომძიებელი კაბინეტიდან და ახლა სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, გიორგი პაპიტაშვილთან ერთად დაბრუნდა.

- თქვენ ხომ ნახეთ, რომ ეს ადამიანი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ?

- და მე რა ვიცი, ნამდვილად ასეა თუ არა?

- იქ ხალხმა ხომ თქვა?

- მე არ ვიცი ხალხმა რა თქვა. მეს ისიც არ ვიცი, ვინაა ეს ადამიანი. გამოძიეთ რა მოხდა და ეს თქვენ უნდა მითხრათ, რა მოხდა.

- კარგი, დაგველოდე კიდევ ცოტა ხანს.

გავიდა ხუთი წუთი და გამომძიებელი მთხოვს, რომ გავესაუბრო სამმართველოს უფროსს.

კაბინეტში ჩართული ტელევიზორის ფონზე სამმართველოს უფროსი მიხსნის, რომ ეს ადამიანი იყო ალკოჰოლურ მდგომარეობაში და მე ეს უნდა აღმენიშნა ახსნა-განმარტებაში.

- მე არ ვიცი, ეს ნამდვილად ასე იყო თუ არა. ეს თქვენ უნდა დაადგინოთ. - ვუპასუხე უფროსს.

- კი ჩვენ დავადგენთ, მაგრამ თქვენც უნდა აღნიშნოთ.

- ამა და ამ ავტობუსის მძღოლს ქალი ეხვეწებოდა დახმარებას, წამიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენესო. მე როგორც კი გავიგე ეს ამბავი, დავადგინე მისი ადგილსამყოფელი და ჩაგაბარეთ თქვენ. მე ისიც ვნახე, რომ სილურჯეები აქვს თვალზე.

- გასაგებია, მაგრამ ხალხმა ხომ გითხრათ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო?

სამმართველოს უფროსს ვუთხარი, რომ ამ თემაზე ვერ შევთანხმდებოდით და ვთხოვე, დროულად გავეთავისუფლებინე ამ აუტანელი სიტუაციისგან.

ისევ ჩამოვედი გამომძიებლის ოთახში და ახსნა-განმარტებას მოვაწერე ხელი, სადაც მივუთითე, რომ ქალი, რომელიც დახმარებას ითხოვდა, სასწრაფო დახმარების ექიმებსა და პოლიციის თანამშრომლებს ჩავაბარე.

ოთახში ერთ-ერთი პოლიციელი არ ჩერდებოდა იმ ამბების მოყოლით, რაც ამ ქალს ბოლო პერიოდში გადახდა:

,,რაც ეს ადამიანი გორში ჩამოვიდა, ზარები არ წყდება. ჩემმა შვილმაც დამირეკა, მამა, მოხედე, ქალია ცუდად ამა და ამ ადგილზეო. მე ვუთხარი, შვილო, დაწყნარდი, არაფერი ცუდი ხდება-მეთქი“ - ყვება 40 წლის ასაკის პოლიციელი.

გორის სამმართველოს შენობიდან გამოსვლისას უკვე ბინდი იყო. აუტანელი გარემოდან ცივ და სუფთა ჰაერზე გამოვედი. მანქანით სანაპიროს მხარეს წამოვედი. ბარნოვის ქუჩაზე ხიდთან კედლის მხატვრობა დავინახე წარწერით - ,,გოგონებს ყველაფერი შეუძლიათ“

გამეცინა. ხვალ ალბათ ეს ფოტო სოციალურ ქსელში დატრიალდება და უამრავ მოწონებას დაიმსახურებს, თუ რა ლამაზი ნახატია, მაგრამ სინამდვილეში ახლა სწორედ იმ სიტუაციას აღვწერ, თუ როგორ უმწეოა ქალი დღეს.

მაგრამ, ეს ამბავი ხომ ჩვენ სწორედ მოზარდისგან გავიგეთ? ამ ქალის მდგომარეობით ხომ თვით პოლიციელის მცირეწლოვანი შვილიც შეწუხდა? იმ ახალგაზრდა თაობისგან, რომელთა წარმომადგენლებიც ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქალს იმ ფორმით, რითაც შეეცლოთ.

ჩავრთე ტელეფონი. იმ მოზარდის მშობლის ზარიც - ,,რა ქენით, მიაგენით იმ ქალს?“

- კი, ახლა უკვე ექიმებისა და პოლიციელების ხელშია, მაგრამ ამ ქალს ვინმე უნდა დაელაპარაკოს, მოუსმინოს, გაიგოს, რა ჭირდება. რატომაა ამ მდგომარეობაში. აუხსნას, რომ მასზე ძალიან ნერვიულობენ, ჰყავს გულშემატკივრები და არ არის მარტო.“ - მადლობა გადავუხადე, რომ ასეთი კეთილი და სამართლიანი შვილი ჰყავს.

მასთან საუბრის დამთავრების შემდეგ დავიწყე ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლების ნომრების ძებნა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები