ახალი ამბები
დირბში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მამაკაცს, რომელიც სოფელ დირბში მომხდარ მკვლელობის ფაქტზეა ბრალდებული.

აღკვეთის ღონისძიების საკითხი დღეს გორის სასამართლოში განიხილეს.

მოკლულის ახლობლები რუსთავში ცხოვრობენ, თუმცა მათ სასამართლოზე პროცესზე დასწრება სურდათ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლო პროცესის შესახებ მხოლოდ 10 წუთის წინ შეატყობინეს.

,,ძალიან სურდათ ოჯახის წევრებს, რომ სასამართლოს დაესწრნონ. ასეც იქნება შემდეგში. ისინი ამბობენ, რომ მკვლელობისს საქმეში უფრო ბევრი ადამიანი მონაწილეობდა და ისინიც უნდა დაისაჯნონ' - ამბობს დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელისოფო ქურთაული.

რაც შეეხება ბრალდებულს, მას ადვოკატი გოჩა გოჩიტაშვილი იცავს. ადვოკატის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ პრეტენზია არ აქვს, რადგან საქმე მძიმე დანაშაულს ეხება და მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა:

,,თუმცა, საქმე იმდენად რთულია, რომ რეალურად რა მოხდა სოფელში, მართლაც გასარკვევია' - გვითხრა ადვოკატმა. მისი განმარტებით, გამოძიების მასალები მას შემდეგ გადაეცემა, როდესაც წინასწარი გამოძიება დასრულდება.

პროკურატურის ცნობით, 24 აპრილს, ქარელის რაიონის სოფელ დირბში ა.ა.-მ, შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, ა.ნ.-ს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ა. ნ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.ა. 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები