ახალი ამბები
კასპის უბნებში უხვმა ნალექმა დამცავი კედლები დააზიანა
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქალაქ კასპში. იმ ადგილებში, სადაც დამრეცი ფერდობებია, მიწის მასებმა ჩამოშლა დაიწყო.

მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა გასართობი სკვერის დიდი ნაწილი ნიაღვარმა უკვე დაფარა. მოსახლეობა აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, თუ წვიმები გაგრძელდა, მიწის უფრო დიდი მასა ჩამოიშალოს.

,,აი, ასეთ საცოდავ ადგილზე გაგვიკეთეს სკვერი. ისიც ტალახითაა სავსე უკვე. აი, იქ შორიდან, კორპუსებიდან ჩამოგვყავს ბავშვები'' - გვითხრეს სკვერში მყოფმა მშობლებმა.

კასპის მერიაში აცხადებენ, რომ საშიშროება მართლაც არსებობს. პრობლემები არსებობს არამარტო მაზნიაშვილის ქუჩაზე, ასევე ნინოშვილის ქუჩაზე. რამდენიმე ლოკაციაზე კედლებია გასამაგრებელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოიყოფა.

,,გარდა მაზნიაშვილის ქუჩისა, კასპში, პირველი სკოლის მიმდებარედ ნინოშვილის ქუჩაზე, მარინე ხოხაშვილის სახლთან დაზიანებულია საყრდენი კედელი. ასევე კოსტავას ქუჩაზე ნოდარ გურასპაშვილის ეზოში დაზიანებულია კედელი. ეზოს დამცავი კედელი დაზიანებულია კოსტავას #16-შიც'' - გვითხრეს კასპის მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები