ახალი ამბები
ქარელში ბაღის დირექტორი ჩივის, რომ ის ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში, საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი სამსახურში აღდგენას ითხოვს, თუმცა ხაშურის სასამართლოს მოსამართლემ არ დაიჯერა ის ფაქტი, რომ ის იძულებით გაათავისუფლეს.

ყოფილი დირექტორის განცხადებიდან ირკვევა, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ ქარელის მერიის იურისტი და აუდიტის სამსახური.

როგორც ყოფილმა დირექტორმა სასამართლოზე განაცხადა, თუ ის თანამდებობას არ დატოვებდა, გაათავისუფლებდნენ მის მეგობარს, ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს.

ფცის საბავშვო ბაღში არსებული დაპირისპირების საქმე ხაშურის სასამართლოში გაარჩიეს. მოსამართლემ არ დაიჯერა ის ფაქტი, თუ რატომ უნდა მოეხდინათ ზეწოლა მერიის იურისტსა და აუდიტის სამსახურის უფროსს. მოსამართლის აზრით, ისინი არ წარმოადგენდნენ საბავშვო ბაღის დირექტორის უშუალო ხელმძღვანელს.

,,ამასთან, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დირექტორმა დაწერა არა მითითებულ პირებთან შეხვედრის დღეს, არამედ მომდევნო დღეს. ანუ მან გადაწყვეტილება მიიღო არა აჩქარებულად, არამედ გააზრებულად."" - წერს ხაშურელი მოსამართლე.

ქარელის მერიის ინტერესების დამცველმა აღნიშნა, რომ ფცის საბავშვო ბაღის დირექტორი სამსახურიდან თავისი ნებით წავიდა იმის, რომ იგი ცდილობდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, კერძოდ:

,,სამუშაოდან წასვლას წინ უძღვოდა სხვადასხვა ფაქტორები - ერთ-ერთ აღსაზრდელზე ბაღის ფსიქოლოგის მხრიდან სავარაუდო ძალადობის განხორციელება, ასევე, დირექტორის მიმართ არსებობდა პრეტენზია საკვების მიწოდებასთან მიმართებითაც" - აღნიშნა მერიის წარმომადგენელმა.

,,სინამდვილეში კი, განცხადების დაწერისას ხორციელდებოდა ზეწოლა და მას ემუქრებოდნენ, რომ თუკი არ წავიდოდა სამუშაოდან, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ გაერთიანების მმართველს, რომელთანაც დასაქმებულს კარგი ურთიერთობა ჰქონდა."" - უპასუხა ბრალდებას ყოფილი დირექტორის იურისტმა.

ყოფილი დირექტორის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორს სამსახურში დაკითხვა მოუწყეს მერიის იურისტმა და აუდიტის სამსახურის უფროსმა. უფრო მეტიც, ისინი სწორედ ბაღში დაემუქრნენ მას.

,,სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ დასაქმებულის მიერ განცხადება დაწერილია სწორედ გათავისუფლებამდე არსებულ მოვლენათა ქრონოლოგიიდან გამომდინარე სამომავლო პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით."" - განაცხადა მოსამართლემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები