ახალი ამბები
როგორ დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობის ნივთები კონფლიქტის დროს - სწავლება გორში
გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დასრულდა 4-დღიანი სწავლება.

სწავლების დროს გათამაშდა მოსალოდნელი შეიარაღებული კონფლიქტის სცენარი, სადაც მონაწილეებმა ისწავლეს: შეიარაღებული კონფლიქტის დროს სიტუაციის სწორად შეფასების პრინციპები; უწყებების მობილიზება და მოვალეობების გადანაწილება; რისკების შეფასების მეთოდები; ექსპონატების მომზადება ევაკუაციისთვის ( გადაუდებელი დოკუმენტაცია, შეფუთვა); დროებით საცავში გადატანის წესები

თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჯერ  17-18 მაისს, თბილისში ეროვნულ გვარდიაში ჩატარდა, ხოლო 19-20 მაისს, პრაქტიკული სიმულაციური ნაწილი გორში, სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

სწავლებას საერთაშორისო ლურჯი ფარის ექსპერტები - მაიკლ დეკლარუზი და ემა ქანლიფი უძღვებოდნენ. მასში მონაწილეობას ადგილობრივი და ეროვნული უწყებების წარმომადგნებლები იღებდბენ: კერძოდ, ეროვნული გვარდია; გორის მუნიციპალიტეტი; შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია; დაცვის პოლიცია; შიდა ქართლის მუზეუმების თანამშრომლები; გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი და საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაცია.

დამკვირვებლის სტატუსით სწავლებას დაესწრნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ეროვნული უწყებების წარმომადგენლები.

სწავლება პროექტის ,,გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა" ფარგლებში ჩატარდა. ამავე პროექტით გათვალისწინებულია სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის კოლექციების ციფრული დოკუმენტაციის შექმნა და მუზეუმის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და მართვის გეგმის შემუშავება. პროექტი ფონდ Aლიპჰ-ის დაფინანსებით ხორციელდება.

კურსის განმავლობაში ყურადღება გამახვილებული იქნება შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ 1954 წლის ჰააგის კონვენციის მიერ დაწესებულ ვალდებულებებზე და მის ორ - 1954 და, განსაკუთრებით, 1999 წლის ოქმზე.

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან; იუნესკოს ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის პოპულარიზაცია და მათი შესრულების ხელშეწყობა; რისკისათვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება და შესრულება კულტურული ფასეულობების დასაცავად; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის ღირებულებებისა და მის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები