ახალი ამბები
სასტიკი შინაბრძოლები უფლისციხისთვის
ქართლის ცხოვრების მიხედვით, უფლისციხე აღაშენა უფლოსმა.  ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას სხვა ქალაქებთან ერთად უფლისციხეც დახვედრია.

„მოქცევაი ქართლისაი“ კი მაკედონელის ლაშქრობის დროს, უფლისციხეს ქალაქ კასპის ციხედ იხსენიებს.

ძვ. წ. I ს-ში
მცხეთის მეფე არსუკს (არშაკს) კასპი დაიპყრო და უფლისციხე განაგო.

მირიან მეფე თხოთის მთაზე ადიოდა კასპისა და უფლისციხის სანახების დასანახავად.

842 წ. თბილისის ამირა საჰაკის დასასჯელად ქართლში შემოვიდა არაბთა სარდალი მუჰამედ იბნ-ხალიდი, რომელსაც მიემხრო ბაგრატ კურაპალატი. მათ ერთობლივი ძალებით აიღეს უფლისციხე. მუჰამედმა ქართლი და უფლისციხე ბაგრატ კურაპალატს უბოძა (ქართლის ცხოვრება).

904 წ. აფხაზთა მეფე კონსტანტინემ ქართლი დაიკავა, რასაც მოჰყვა სომეხთა მეფის სუმბატ ტიეზერაკალის ლაშქრობა უფლისციხეში. შემდგომში სუმბატმა კონსტანტინეს დაუბრუნა ქართლიცა და უფლისციხეც.

914 წ. არაბთა სარდლის აბულ კასიმის სამხრეთ კავკასიაში ლაშქრობისას უფლისციხელებმა თვითონ მოარღვიეს ციხე-ქალაქის ზღუდეები, რათა არაბებს იქ დარჩენის სურვილი არ გასჩენოდათ.

923-924 წწ. მეფე გიორგიმ ქართლის გამგებლობა ჩააბარა თავის უფროს შვილს კონსტანტინეს, რომელმაც სამი წლის შემდეგ თვითონ მოინდომა ქართლში გაბატონება და უფლისციხეში გამაგრდა. მამის წინაამდეგ ბრძოლაში კონსტანტინეს ტბელები ეხმარებოდნენ. ურჩი შვილის დასასჯელად გიორგი აფხაზთა მეფე უფლისციხეს მოადგა. ბრძოლა მამაშვილს შორის სასტიკი ყოფილა და თან გაჭიანურებულა. უფლისწულ კონსტანტინეს დიდი ძალები ჰყოლია ციხეში გამაგრებული.

მეფე გიორგის "ტაოელნი მეფენი" და კახეთის ქორეპისკოპოსი ფადლა ეხმარებოდნენ, უფლისციხე ისე კარგად ყოფილა გამაგრებული, რომ ისინი ვერაფერს გახდნენ. როცა მამა ბრძოლით ვერაფერს გამხდარა, შვილთან აზნაურები გაგზავნა შესახვედრად და აფხაზეთში გამეფებას შეპირდა. კონსტანტინემ ყური არ უგდო ერთგული მომხრეების რჩევას და ღამე ტივით გავიდა აზნაურებთან შესახვედრად. თუმცა, შემდგომ მიმხვდარა, რომ ღალატობდნენ და უკანვე ცდილობდა გაბრუნებას.

თუმცა, ტივი ვეღარ დაიმორჩილა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმალული უფლისწული გათენებისას უპოვიათ და მეფისათვის მიუგვრიათ. მას ჯერ თვალები დათხარეს, შემდეგ დაასაჭურისეს. უფლისწულს ამდენი ტანჯვისათვის ვეღარ გაუძლია და გარდაცვლილა.

975 წ. ქართლის ერისთავმა იოანე მარუშის ძემ დახმარებისათვის დავით კურაპალატს მიმართა. დავითმაც არ დააყოვნა და ქართლში თავისი შვილობილი ბაგრატი (შემდგომში ბაგრატ III) გაამეფა. ამით უკმაყოფილო ქართლის აზნაურებმა კახელები მოიწვიეს და უფლისციხე აიღეს, ბაგრატი და მისი მშობლები კი ტყვედ წაიყვანეს. შემდგომ კახელებმა ზავი ამჯობინეს. გაათავისუფლეს ტყვეები და უფლისციხეც დაუბრუნეს. ამის შემდგომ უფლისციხეს ბაგრატის დედა გუარანდუხტი განაგებდა.

978 წ. ბაგრატი აფხაზეთში გამეფების შემდეგ ქართლში გადმოვიდა, დაამარცხა მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგე აზნაურები, მოვიდა უფლისციხეში, მოაგვარა ქართლის საქმეები და ისევ აფხაზეთს დაბრუნდა.

უფლისციხე ბაგრატ IV-სა (1027-1072) და ლიპარიტ კლდეკარის ერისთავს შორს ატეხილი ბრძოლების დროს ხელიდან ხელში გადადიოდა. ლიპარიტის დამარცხების შემდეგ ბაგრატ IV-მ კვლავ დაიბრუნა უფლისციხე.

უფლისციხეს ბოლო მოუღო მონღოლთა ლაშქრობებმა.

1392 წ. საბუთით, უფლისციხე მცხეთის საეკლესიო მამულებს ეკუთვნოდა.

1412 წ. შედგენილ ერთ-ერთ ანდერძში უფლისციხე დაბა-ქალაქად იხსენიება.

1467 წ. ქართლის მეფე კონსტანტინე II-მ (1478-1505) უფლისციხე ზაზა ფანასკერტელს უბოძა. გვიან შუა საუკუნეებში უფლისციხე საამილახვროში შედიოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები