ახალი ამბები
,,ალტ ინფოს'' პარტია სასამართლომ 216 000 ლარით დააჯარიმა
პარტია "კონსერვატიული მოძრაობა", რომელიც საზოგადოებაში "ალტ-ინფოს" სახელით არის ცნობილი, სასამართლომ 216 ათასი ლარით დააჯარიმა.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ.

რადიოს ცნობით, პარტიის დაჯარიმება აუდიტის სამსახურმა მოითხოვა, კერძოდ:

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2021 წელს პარტიამ დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, იმ დროს, როცა გაიხსნა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისები, ფინანსური ბრუნვა თურმე არ ჰქონია. ოფისები კი 2021 წლის დეკემბერში გაიხსნა, მათ შორის, გორში.

,,გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულებების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭდვასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე. სასამართლომ გაიზიარა აუდიტის სამსახურის მოსაზრება და პარტიას სავარაუდოდ დამალული თანხის სამმაგი ოდენობა დააკისრა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ არ ეთანხმებიან სასამართლოს პოზიციას და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.'' - აღნიშნულია რადიო თავისუფლების მასალაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები