ახალი ამბები
გორი ევროკავშირისთვის - აქცია-პერფორმანსი გაიმართა ლომჭაბუკის სკვერში
2022 წლის 18 ივნისს, 21:00 სთ-ზე, გორში, ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა აქცია პერფომანსი “საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი #78 - ქართველი ხალხის არჩევანია”.

მოეწყო ციფრული ინსტალაცია, ევროკავშირის და საქართველოს დროშების ფონით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შინაარსის ხმოვანი გაფორმებით.

აქცია პერფომანსის ორგანიზატორები არიან „დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ გამგეობის წევრები შიდა ქართლიდან მარინე მღებრიშვილი, თეონა ფანქველაშვილი, მინდია გოდერძიშვილი.

საქართველოს კონსტიტუციის ,,მუხლი 78'' პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ინტეგრაცია.

,,დღეს, საქართველო ისტორიული გამოწვევის ზღვარზეა და მოვლენები ძალიან ჰგავს 1921 წლის მდგომარეობას. უმნიშვნელოვანესია საზოგადოება იყოს ერთიანი და კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსის წევრი.

ჩვენ, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები, ვიზიარებთ დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და ღირებულებებს, რაზეც დგას ევროატლანტიკური სტრუქტურები და ქვეყნები.

• მოვუწოდებთ ქართველ ხალხს დავდგეთ ერთად და ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ისტორიული არჩევანი და ქვეყნის დეკლარირებული დასავლური კურსი
• მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ანტი დასავლური რიტორიკა და გადაარჩინოს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისაგან და რუსული ოკუპაციისაგან
• მოვუწოდებთ დასავლურ სტრუქტურებს გაითვალისწინონ ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექტსი, ასევე რეგიონში არსებული საფრთხეები, რადგან წლების განმავლობაში ქართველმა ხალხმა სისხლით, ბრძოლით და შრომით დაიმსახურა ევროკავშირის წევრობა.''

Print

სტატიის გამოყენების პირობები