ახალი ამბები
შიდა ქართლის 56 სკოლაში იწყება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, PH International - საქართველო იწყებს ახალ, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას.

პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩა 650 სკოლა. სკოლების სია დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. პროგრამა იმუშავებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხუთი წლის მანძილზე პარტნიორ სკოლებს დახმარებას გაუწევს შემდეგი მიმართულებებით:

- სამოქალაქო განათლების ინტერაქტიული სასწავლო რესურსების შექმნა;
- სკოლის დირექტორებთან მუშაობა სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის მიზნით, სკოლის მართვის ფორუმები, დირექტორებს შორის გამოცდილების გაზიარება, ლიდერი სკოლების გამოკვეთა და დაჯილდოება;
- სკოლის დირექტორების მხარდაჭერა მონაწილეობაზე ორიენტირებული დემოკრატიული სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად;
- მოსწავლეთა თვითმმართველობების ქსელის შექმნა და მხარდაჭერა;
- სასკოლო პროექტების დაფინანსება;
- სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა თანამშრომლობის გაძლიერება სკოლაში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით;
- სასკოლო სამოქალაქო კლუბების მხარდაჭერა;
- სამოქალაქო განათლების წლიურ კონფერენცია-გამოფენებში მონაწილეობა;
- მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ციფრული ლაბორატორიების, ჰაკათონების, ონლაინ საზაფხულო სკოლების ორგანიზება;
- სკოლასა და უნივერსიტეტს შორის კავშირის გაღრმავება.

პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლის რეგიონში არის ასოციაცია "საზოგადოება ბილიკი", რომელიც პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლებს 56 სკოლასთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები