ახალი ამბები
გორში მოსამართლე ნინო გერგაულმა მოქალაქეს შშმ პირის სტატუსის გამო ჯარიმა აპატია
გორში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა გორის ერთ-ერთი სავაჭრო დაწესებულიდან თუთუნი ამოიღეს, რომელსაც შესაბამისი აქციზი არ ჰქონდა.

როგორც გაირკვა, საქონელი შშმ პირის საკუთრებას წარმოადგენდა.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მოსამართლეს შედგენილი ოქმის დაკანონება და საქონლის მფლობელის დაჯარიმა მოითხოვეს.

მოქალაქემ მოსამართლე ნინო გერგაულს განაცხადა, რომ თუთუნი არ წარმოადგენდა სარეალიზაციოდ გამზადებულ საქონელს, რადგან, როგორც მან განმარტა, ახლობელს ბათუმში კომბოსტო გააატანა გასაყიდად, ხოლო აღებული ფულით თუთუნის ყიდვა დაავალა.

,,ეს თუთუნი დილით ჩამომიტანეს ბათუმიდან. ვუგზავნი ხოლმე ჩემ მშობლებს, რადგან სიგარეტის ფული არა აქვთ და ამით იოლად გადიან. ვიდრე გავატანდი, მანამდე მოვიდნენ შესამოწმებლად და ნახეს ეს თუთუნი მაღაზიაში.'' - განაცხადა მოქალაქემ.

ნინო გერგაულმა განაცხადა, რომ საუბარია დაახლოებით 700 ლარის ღირებულების საქონელზე, ხოლო ამ რაოდენობის უაქციზო საქონლის მაღაზიაში დაწყობა, არ შეიძლება:

,,მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვიყენებ მსუბუქ ფორმას, სიტყვიერ გაფრთხილებას, რომ ვითვალისწინებ თქვენს შეზღდულ შესაძლებლობას. სხვა დროს აღარ დააწყოთ უაქციზო საქონელი სავაჭრო დაწესებულებაში'' - განაცხადა ნინო გერგაულმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები