ახალი ამბები
ხაშურსა და გორში ორი თანამშრომელი საიას დახმარებით სამსახურს დაუბრუნდა
საია-ს გორის ოფისმა 3 შრომითი დავა წარმატებით დაასრულა, რომელთა შედეგად დასაქმებულების დარღვეული შრომითი უფლებები აღდგა.

აქედან 2 შემთხვევა შიდა ქართლს უკავშირდება. საქმეები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:

• დასაქმებული წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურში. რეორგანიზაციის პროცესში, 2020 წელს, მან ჩააბარა ტესტირება და გაიარა გასაუბრება. ტესტირებაში მისი შეფასება იყო მაღალი. თუმცა, ამის მიუხედავად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მაინც გაათავისუფლა სამსახურიდან. საიას დახმარებით, მან მიმართა სასამართლოს სარჩელით. მისი მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა სამივე ინსტანციის სასამართლოში და დამსაქმებელს დაევალა მისი სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

• დასაქმებული მუშაობდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამსახურში, საიდანაც 2020 წელს რეორგანიზაციის საფუძვლით უკანონოდ გაათავისუფლეს. 2022 წელს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის საფუძველზეც სამსახურიდან გათავისუფლებული პირი აღდგა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე განუსაზღვრელი ვადით და აუნაზღაურდა კომპენსაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები