ახალი ამბები
ქალის ისტორია, რომელიც ჰოსპიტალში დახმარებას ითხოვდა
მოქალაქე ნაზი გელაშვილი აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შედეგად გაუარესდა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ექიმის შეცდომა და ოპერაციის შემდგომი გართულება შესაბამის უწყებაში დადასტურდა, თუმცა ამის მტკიცებულება რედაქციას ამ ეტაპზე არ გააჩნია.

ქალბატონის თქმით, ორი თვის წინ, ნეიროქირურგთან ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ამან უფრო მისი მდგომარეობა გაართულა.

დღეს ნაზი და მისი მეუღლე გორში ჩამოვიდნენ, რათა ექიმებმა, მათი თქმით, დაშვებული შეცდომები თავადვე გამოასწორონ და კიდევ ერთხელ უმკურნალონ.

გორის ჰოსპიტალში ნაზი გელაშვილს სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და უთხრეს, რომ თბილისის კლინიკაში გადაყვანა ესაჭიროებოდა.

ამის შემდეგ ნაზი გელაშვილმა ჰოსპიტალს მოსთხოვა, რომ რეანომობილით წაყვანა უზრუნველეყოთ, თუმცა ამანაც შედეგი არ გამოიღო. ჰოსპიტალმა უარი თქვა საკუთარი ხარჯებით ამ მომსახურების გაწევაზე.

დღის მეორე ნახევარში ქალბატონმა დახმარებისთვის ტელეკომპანია ,,თრიალეთს'' მიმართა. ამის შემდეგ ჟურნალისტები მივიდნენ ჰოსპიტალში.

ჰოსპიტალმა ქალს დახარება ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ გამოუჩინა. ის რეანომობილით თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ჰოსპიტლის დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქალბატონის მდგომარეობა არ ითვალისწინებდა გადაუდებელ ოპერაციას, ამიტომ, მას შესთავაზეს არაგეგმიური მკურნალობას. 

ფოტო: ტ/კ ,,თრიალეთი
Print

სტატიის გამოყენების პირობები