ახალი ამბები
გორის მერიაში თემურ მანველიშვილის დაბრუნების საკითხი განიხილება
გორის მერიაში განიხილება საკითხი, თუ რა ფორმით დაბრუნდეს თემურ მანველიშვილი სამსახურში.

ერთ-ერთი ვერსიით მანველიშვილს აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობას ჩააბარებენ. ეს თანამდებობა ვაკანტურია.

გარდა ამისა, მანველიშვილს მფარველობს მისი უახლოესი ნათესავი - გორის ვიცე-მერი თამაზ შიოშვილი.

პრეს-სამსახურში დანიშვნის შესახებ ჯერ ინფორმაცია არა აქვთ. თემურ მანველიშვილმა ჩვენს გაგზავნილ შეტყობინებაზე ჯერ პასუხი არ გაუცია.

რატომ გაათავისუფლეს 2018 წელს მანველიშვილი სამსახურიდან

გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს ვედრო ჩამოამხო. გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად 2019 წლის 16 იანვარს ცნეს.

მანველიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღო. პროკურატურამ კი ბრალი 9 თებერვალს წაუყენა.

გორის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა თემურ მანველიშვილი გაამართლეს. ნაფიცი მსაჯულების მოსაზრებით, გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა არ ჩაუდენია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით ჰქონდა წაყენებული. ამ მუხლით ბრალდებული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

მუხლის ფორმულირება ასეთია - "პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს."
Print

სტატიის გამოყენების პირობები