ახალი ამბები
გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის დროს გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაღუპულია პარაპლანის მგზავრი, უცხოელი ტურისტი, რომლის სამაშველო ოპერაციაც ტარდებოდა. რაც შეეხება პარაპლანის ქართველ ინსტრუქტორს, გომელაურის ცნობით, ის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ვახტანგ გომელაური ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა, მან მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

დღეს, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

შსს-ს ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები