ახალი ამბები
60 ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიიღო გორის #5 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლუკა ჭოველიძემ
60 ქულა მიიღო გორის #5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა ჭოველიძემაც, რომელიც მომავალი დიპლომატია და ელჩობას გეგმავს.

,,ასეთ შედეგს გარკვეულწილად არ მოველოდი, რადგან მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ვერ მოვახერხე ეროვნული გამოცდებისთვის საფუძვლიანად მომზადება, საქართველოში არ ყოფნის გამო, ამიტომ, ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო და გასაკვირი იყო უმაღლესი ქულის მიღება. ქულების გამოქვეყნებას იმ დროიდან მოუთმენლად ველოდი, როცა გავიგე, რომ პირველი აგვისტოდან შედეგებს ატვირთავდნენ, განსაკუთრებით, გუშინდელიდან გამიმძაფრდა ლოდინის რეჟიმი, ისეთ მდგომარეობაში ხარ, თან რომ ნერვიულობ და თან მოუთმენლად ელი რა ქულას მიიღებ. დღეს პოსტი შემხვდა, რომ ქულები 10:00 საათზე გამოქვეყნდებოდა. ამან კიდევ უფრო გამიძლიერა სულმოუთმენლობა. როდესაც 10 საათი გახდა, სახლში მხოლოდ მე და დედაჩემი ვიყავით. საბედნიეროდ, ვებსაიტი უპრობლემოდ გაიხსნა და უცბად ეკრანზე გამოჩენილ ქულას ვერ ვიჯერებდი, ცოტა ხანი ვამოწმებდი მართლა 60 წერია თუ არა-მეთქი. შემდეგი რამდენიმე წუთი ეიფორიულ მდგომარეობაში ვიყავი, მანამ სანამ ჩემს მეგობრებსა და ნაცნობებს გავუზიარებდი შედეგს.'' - ამბობს ლუკა ჭოველიძე..

ის მომავალ გეგმებზეც საუბრობს:

,,არჩევანი შევაჩერე საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამააზე, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის ადრეული წლებიდან მსურდა. ყოველთვის ცხადად ვხედავდი დიპლომატიის როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე (და არა მხოლოდ). ჩვენ იმდენად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვცხოვრობთ, რომ გვიწევს ხშირ შემთხვევაში ბეწვის ხიდზე გავლა, როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაზე მიდგება საქმე. ამან ბავშვობიდან დამაინტერესა. ბევრს ვკითხულობდი და ვუყურებდი, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბებულიყავი, მართლა მსურდა თუ არა საერთაშორისო ურთიერთობების სწავლა.''

გორის მუნიციპალიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კიდევ ერთი აბიტურიენტი გვყავს, რომელმაც 60 ქულა აიღო - მარი გოგშელიძე ფლავის საჯარო სკოლიდან.

წყარო: edu.aris.ge
Print

სტატიის გამოყენების პირობები