ახალი ამბები
თამარ ვანიშვილი გორის მესამე სკოლიდან - 80 ქულა ინგლისურ ენაში
გორის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ ვანიშვილმა ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულა მიიღო.

ეროვნულ გამოცდებზე გასვლას ის მღელვარებას განიცდიდას და ამბობს, რომ ადამიანს სწორედ ზედმეტი ნერვიულობა და ემოცია უშლის ხელს სასურველი შედეგის მისაღწევად.

,,მღელვარებით ველოდებოდი გამოცდის დაწყებას, თუმცა მჯეროდა, რომ გამოცდა იქნებოდა ობიექტური და შევძლებდი ჩემი ცოდნის გამოვლენას.'' - გვეუბნება თამარი.

მესამე სკოლაში მისი პედაგოგი იყო თამუნა ლიჩელი. პარალელურად უცხო ენას ინგლისური ენის სკოლაში, პედაგოგ ეკა ტატიშვილთან სწავლობდა.

,,გამოცდაზე ძირითადი გამოწვევა არის მიღებული ცოდნის გამოყენება და საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა. ზედმეტი ნერვიულობა და ემოცია ხელს უშლის სასურველი შედეგის მიღებას. ინგლისური ენის გამოცდის შედარებით რთული ნაწილია მოსმენითი დავალება, სადაც ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.'' - აღნიშნავს თამარ ვანიშვილი.

მას უყვარს კითხვა და მუსიკის მოსმენა, რაც ეხმარება განტვირთვაში.

სურს, რომ სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელოს კომპიუტერული მეცნიერებების განხრით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები