ახალი ამბები
წელს ვაშლის დიდი მოსავალია მოსალოდნელი
2022 წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი უხვია და, დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს. ამის გამო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშლის გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ვაშლის მოსავლის აღების სეზონთან დაკავშირებით სექტორში არსებული ვითარება და არსებული გამოწვევები განიხილეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, მეწარმეებთან და სექტორის ყველა რგოლთან აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად განისაზღვროს საჭიროებები და მიმდინარე პროცესების სწორი ანალიზით მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

,,უამინდობამ და ხშირმა წვიმებმა ვაშლის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მიმდინარე სეზონზე, გადამმუშავებელი საწარმოები, კონცენტრატის წარმოებისთვის, დაახლოებით 50 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავენ. კომპანიები ვაშლის მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, უახლოეს მომავალში, შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

რა ღირს საწარმოებში 1 კგ ვაშლის ჩაბარება? - ამ კითხვით Bm.ge-მ ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებს მიმართა.

გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლების ინფორმაციით, სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას წელსაც დაასუბსიდირებს, თუმცა რა იქნება ვაშლის შესყიდვის მინიმალური ფასი, რაც პროგრამით განისაზღვრება, ეს მოგვიანებით - აგვისტოს ბოლოსთვის გაირკვევა.

სპირტისა და არყის საწარმო „გრადოს“ ხელმძღვანელმა გიორგი გობეჩიამ განაცხადა, რომ ვაშლზე მინიმალურ ფასს სახელმწიფო აწესებს, რომლის განსაზღვრის შემდეგაც ბაზარზე ფასი დგინდება. მისი თქმით, წელს სახელმწიფოს მინიმალური ფასი ჯერ არ დაუდგენია და შესაბამისად ვაშლის ჩაბარების ღირებულება მათთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

„შარშან და შარშან წინ სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ფასი 22 თეთრი იყო. სახელმწიფო ამბობდა, რომ თუ ფერმერებისგან ვაშლს მინიმუმ 22 თეთრად შევისყიდდით, კომპენსაციას საწარმოები მივიღებდით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშლში გადახდილი 22-თეთრიდან, სახელმწიფო 10 თეთრს უკან გვიბრუნებდა“, -ამბობს გიორგი გობეჩია.

მისივე თქმით, ვაშლის ფასის განსაზღვრის შემდეგ განკარგულება გამოიცემა, რასაც საწარმოები აგვისტოს ბოლოს ელოდებიან.

„ფასთან დაკავშირებით, ახლა რა იქნება ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შეიძლება იგივე შენარჩუნდეს ან გაიზარდოს. ჯერ ამაზე სახელმწიფოს მხრიდან განკარგულება არ გამოსულა. თვის ბოლოს წესით განკარგულება უნდა იყოს “, - განმარტავს გობეჩია.

საკონსერვო ქარხანა „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე Bm.ge-სთან ამბობს, რომ სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ღვარი 22-24 თეთრი იქნება.

„აგვისტოში კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი და ფასის შესახებ იქ გადაწყდება. სავარაუდოდ დაბალი ზღვარი 22-24 თეთრი იქნება და ამის მაღლა საწარმოებს რამდენიც შეეძლებათ იმდენს გადაიხდიან“, - ამბობს იგი.

ინფორმაციისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშლის გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ვაშლის მოსავლის აღების სეზონთან დაკავშირებით სექტორში არსებული ვითარება და არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ მიმდინარე სეზონზე, გადამმუშავებელი საწარმოები, კონცენტრატის წარმოებისთვის, დაახლოებით 50 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავენ.

საკუთარი ფოტო არქივიდან
Print

სტატიის გამოყენების პირობები