ახალი ამბები
ბაკურიანში გორის მერიის მიერ დაფუძნებულ ბანაკში მოსწავლეთა და სტუდენტთა პირველი ნაკადი გაემგზავრა
გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანში, გორელი ახალგაზრდებისთვის გახსნილ საზაფხულო ბანაკში პირველი ნაკადი გაემგზავრა.

ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა გააცილა.

ბანაკი, კონკურსით შერჩეულ 200 ბენეფიციარს ოთხ ნაკადად უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე გაემგზავრება. ისინი ბაკურიანში ოთხი სრული დღე დარჩებიან.

კონკურში მონაწილეობა შეეძლოთ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ: სტრესის მართვა ეფექტური კომუნიკაცია, სამოქალაქო აქტივიზმი და მისი ფორმები, ადგილობრივი პრობლემების ანალიზი და ადვოკატირება.

გარდა ამისა, მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, წელს პირველად ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები