ახალი ამბები
ხანდაზმული მშობლების მუქარის გამო კასპში მამაკაცი დააკავეს
გორის სასამართლომ 5 ათას-ლარიანი გირაო შეუფარდა მამაკაცს, რომელმაც პროკურორის თქმით ხანდაზმულ მშობლებს მოკვლით დაემუქრა.

გირაოს გადახდამდე კი 44 წლის მამაკაცი პატიმრობაში იქნება.

,,სავარაუდოდ გავასაჩივრებ'' - გვითხრა პროკურორმა ნიკა მახარაძემ. ის პატიმრობას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, შვილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს და შესაძლოა დანაშაული კიდევ განმეორდეს.

შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში მოხდა. აღშფოთებული პროკურორი ფურცელზე დაწერილი ტექსტის გარეშე ყვებოდა, თუ რა გადაიტანეს მშობლებმა ბრალდებულისგან:

,,კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც ბრალდებულმა მამას მოსთხოვა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკვლით დაემუქრა. შემდეგ დედამ მისცა შენიშვნა, თუმცა იგივე გაიმეორა. უნდა აღინიშნოს, რომ მშობლები იძულებულნი გახდნენ სახლიდან წასულიყვნენ და ფეხით ჩასულიყვნენ პოლიციის განყოფილებამდე, რათა ამ ყველაფერზე რეაგირება მომხდარიყო'' - აღნიშნა პროკურორმა.

ბრალდებულმა განმარტა, რომ მან მხოლოდ სიტყვიერად უთხრა მშობლებს რაღაც, რადგან მისი თქმით, მშობლებს საკუთარი თანხა მოსთხოვა:

,,მე კარგი სპეციალისტი ვარ, ბევრ ოჯახსი მიწევს მისვლა, სადაც თითო ჭიქას აუცილებლად მალევინებენ, შესაბამისად, ნასმვამი მივიდოდი სახლში. ახლაც დალევა მინდოდა და ჩემი თანხა მოვითხოვე, არ მომცეს. როგორც ხდება ხოლმე, ხომ იცით, ისე ვუთხარი უბრალოდ, მშობლებს'' - განაცხადა ბრალდებულმა.

მოსამართლე დავით მაკარაძემ განმარტა, რომ გირაოს თანხა საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ ბრალდებულმა გადაიხადოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გირაოს თანხის გადახდას მოახერხებთ, მშობლებთან მიახლოება გეკრძალებათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები