ახალი ამბები
28 აგვისტომდე გორი - სურამის მონაკვეთზე ცხელი ამინდი და ქარი შენარჩუნდება
28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.

ჰაერის მაღალ ტემპერატურის გამო, ანალოგიური საფრთხის ქვეშაა კოლხეთის დაბლობი, ზემო იმერეთი, შავი ზღვის სანაპირო რაიონები.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გაითვალისწინეთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს და ნუ შეუწყობთ ხელს ტყის ხანძრების გაჩენას. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები