ახალი ამბები
ანტონ ფურცელაძის სახლი არბოში, რომლის აღსადგენად 800 000 ლარი უკვე დაიხარჯა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოდან კომპანია ,,სამაია 1'' ისე წავიდა, არც არავინ გაუფრთხილებია. სამაგიეროად, მას დაახლოებით 800 000 ლარი წინასწარ 2021 წელს ჩაურიცხეს. თუმცა ,,რეაბილიტირებული შენობა'' ასე გამოიყურება დღეს.

კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება სწორედ 800 000 ლარი იყო ( კონკრეტულად 793 000 ლარი).

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ,,სამაია 1''-თან ხელშეკრულება უკვე გაწყვიტა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ შედგენილი მონიტორინგის ანგარიშში წერია:

,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ლელა ბარამაშვილი, ვლადიმერ გაბოძე და იოსებ ნაგლაძე, 2022 წლის 29 ივნისს, მონიტორინგის მიზნით ვიმყოფებოდით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ არბოში მდებარე, ანტონ ფურცელაძის საცხოვრებელ სახლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით. ობიექტზე საამშენებლო ტემპი დაბალია, არ არის დაწყებული კედლის წყობის სამუშაოები. მშენებლებს არ აქვთ ახალი საამშენებლო გრაფიკი. ობიექტზე სამუშაოების ნორმალური წარმოებისათვის საჭიროა, პროექტის ავტორისა და კონსტრუქტორის ხშირი ჩართულობა. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანია ერთხელ უკვე გაფრთხილებული იყო საამშენებლო სამუშაოების ძალიან დაბალი ტემპის გამო, რომელიც ძალიან ჩამორჩება კომპანიის მიერ წარმოდგენილ სამუშაოების წარმოების გრაფიკს, ობიექტზე არავითარი წინსვლა არ ჩანს. საამშენებლო ტერიტორიაზე არ არის შემოტანილი საშენი მასალები: აგური, ქვა, კირი. ტერიტორიაზე მონიტორინგის დროს, არ ჩანდა არცერთი მუშა და საამშენებლო ობიექტის დარაჯიც კი. შენობის გაწმენდილი კედლები ასეთი ნალექიანი თვის განმავლობაში ღია ცის ქვეშ მიტოვებულია, აღსანიშნავია, რომ შენობის სამი ფასადის გასწვრივ გათხრილ თხრილებში გუბდება მოსული ნალექი. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისტორიული შენობის რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად საჭიროა, შესაბამისი, დროული ზომების მიღება.'' - აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, როგორც გუშინ ვწერდით, დამატებით 300 000 ლარი გამოიყო იმისათვის, რომ სახლს ფოტოზე გამოსახული იერ-სახე მიეცეს.

იხ. ამავე თემაზე:

სოფელ არბოში ანტონ ფურცელაძის სახლს აღადგენენ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები