ახალი ამბები
ახალგორის რაიონში აშშ-ს მოქალაქე შემთხვევით აღმოჩნდა - აცხადებენ ცხინვალში
ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ფრენკ იანეზი დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში, კგბ-ში აღნიშნეს - ,,ოთხშაბათს, გადამოწმებისა და ფილტრაციის მთელი რიგი ღონისძიებების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვრის დამრღვევი
დე-ფაქტო რესპუბლიკიდან გააძევეს და ქართულ მხარეს გადაეცა.''

"ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებებს, რომლებიც უარს ამბობენ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე და მიზანმიმართულად უმალავენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებობს სახელმწიფო საზღვარი", - ნათქვამია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მოქალაქემ არ იცოდა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის არსებობის შესახებ და უკანონოდ გადაკვეთა იგი საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით.

ფაქტის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები