ახალი ამბები
სახურავების რეაბილიტაციაზე დასაქმებული ადგილობრივები ხელფასს ითხოვენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარის სტიქიის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ანესაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროცესი შეჩერებულია, რადგან გამგეობა თანხების მოძიებით იყო დაკავებული.

2015 წლის დეკემბერში თანხები გამოჩნდა, კერძოდ, გამგეობის საფინანსო სამსახურმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო შემოსავლების სახით, მილიონ ლარამდე ჭარბი თანხა ბიუჯეტში შევიდა.

ამ თანხებით 2016 წლის იანვარში ტენდერები გამოცხადდა.

გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში, შინდისში, მეჯვრისხევსა თუ ძევერაში სტიქიისგან დაზიანებული სახლები უკვე შეკეთდა.

თუმცა, მცირეოდენი სამუშაოები ზაქარია ყულიაშვილის საცხოვრებელი სახლის სახურავს კიდევ ჭირდება.

,,კიდევ ჭირდება რემონტი, მაგრამ რა გამოვა. იმ მუშას, ვინც ეს სახურავი გააკეთა, ხელფასი არ მისცეს. ჩვენი სოფლელია" - აცხადებს ზაქარია ყულიაშილი.

სამუშაოები ქვემო ხვითში კომპანია ,,ალონისის" წარმომადგენლებმა აწარმოეს. რეაბილიტაცია 2015 წლის 27 დეკემბერს დასრულდა.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, უკვე შესრულებულ სამუშაოზე 2016 წლის იანვარს გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა.

კომპანია ,,ალონისის" ხელმძღვანელი მაკედონ ანანიკოვი ამბობს, რომ გამგეობას მასთან პირდაპირი შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 2015 წლის ნოემბერში უნდა გაეფორმებინა.

გამგეობამ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება არ გააფორმა, კომპანიამ კი, დანაპირების გამო, სახურავები ხელშეკრულების გარეშე გააკეთა და 290 000 ლარამდე დახარჯა.

სავარაუდოდ, საქმე სასამართლომდე მივა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები