ახალი ამბები
გორის სასამართლომ ცოლისა და შვილის არაერთგზის ცემაში ბრალდებული პირი გაამართლა
გორის სასამართლომ ცოლისა და ბავშვის არაერთგზის ცემაში ბრალდებული პირი გაამართლა.

პროკურორმა ოთარ დოხნაძემ კასპის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები დედა-შვილი ვერ დაიცვა და სასამართლო პროცესი წააგო.

მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილი 2022 წლის 22 სექტემბერს გამოაცხადა. გადაწყვეტილების სრული ვერსია კი დღეს გახდა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე ექსპერტიზის დასკვნები იყო წარდგენილი, მოსამართლემ მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო. დედა-შვილმა პროცესზე დუმილი ამჯობინეს. ხოლო ექსპერტიზის დასკვნებს მოსამართლემ ყურადღება არ მიაქცია. 

პროკურორ ოთარ დოხნაძის ცნობით:

დაახლოებით 20:00 საათზე, შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ბეტონის საფარზე დაარტყმევინა თავი და ხელ-ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახის და ტანის არეში.

ორი დღის შემდეგ დაახლოებით 20:00 საათზე, ცოლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, 15 წუთის შემდეგ მაღაზიის მიმდებარედ, შვილის თანდასწრებით, მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ქვის სროლით ფეხზე მიაყენა დაზიანება და თმა მოქაჩა.

პროკურორის განცხადებით, არასრულწლოვან შვილს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბავშვმა განიცადა ფსიქოლოგიურ-მორალური დამცირება და ფსიქოლოგიური ტანჯვა.

პროკურორის განცხადებით, რამდენიმე თვის შემდეგ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მამაკაცმა იძალადა მეუღლეზე - ტანის არეში დაარტყა ხის სკამი.

სამი დღის შემდეგ დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალმა მამაკაცმა შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - თავისა და ტანის არეში სცემა, დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით.

გამამართლების არგუმენტები:

საქმეში წარმოდგენილია შეტყობინებები, რომელთა თანახმად, ქალი იყო ნაცემი და მასზე ძალადობდა მეუღლე. მომდევნო შეტყობინებით შვილი ითხოვდა დახმარებას და აცხადებდა, რომ მამამ სცემა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შვილს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევები - მუცლის წინა ზედაპრზე მარჯვნივ, სისხლნაჟღენთი - მარცხენა თეძოს ფრთის არეში, დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. იმავე თარიღის დასკვნით კი - ქალს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევები - მარჯვენა და მარცხენა წინამხრის არეში, სისხლნაჟღენთი - კოჭ-წვივის მიდამოზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების მიუხედავად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულებები, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებდა. მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა კი ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ სკამთან დაკავშირებით, სასამართლო უთითებს, რომ არ არის აღნიშნული, თუ ვისი მითითებით იქნა ამოღებული სკამი ან ის სკამია თუ არა.

რაც შეეხება ორ შემაკავებელ ორდერს, მათში მითითებულია, რომ მამამ შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, ხოლო მეუღლეს ხის სკამი დაარტყა ზურგის არეში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი წარმოადგენს პირდაპირი სახის მტკიცებულებას, მასში ასახული ინფორმაცია არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით.

მაღაზიის წის ცემის ეპიზოდში მოწმემ მიუთითა, რომ მაღაზიაში ყოფნისას არ გაუგია ხმაური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ხმა, მუქარა მოუსმენია, არ დაუნახავს არც ქვის სროლით დაზარალებულისთვის ფეხზე დაზიანების მიყენება და თმის მოქაჩვა.

ექსპერტიზის N.. დასკვნით, შვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ-მორალურ დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან სხვა მტკიცებულებებით არ არის დადგენილი - შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა თუ არა სისტემატური ხასიათი; არ დაკითხულა სხვა გარეშე პირი, ხოლო ძალადობრივი ქმედებების შესახებ არ არის მითითებული სხვა საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებების ოქმებსა თუ დოკუმენტებში, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა მამაკაცის მსჯავრდებისთვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები