ახალი ამბები
გორში რუსული ავტომანქანები დაალომბარდეს და ისევ რუსეთში წაიყვანეს
გორსა და თბილისში, რუსეთიდან ჩამოყვანილი მანქანები დაალომბარდეს და შემდეგ ისევ რუსეთში გადაიყვანეს.

სქემის მიხედვით, ერთ-ერთი პირი რუსეთიდან ჩამოყვანილ მანქანებს საქართველოს მოქალაქეებზე აფორმებდა, რომელთა დახმარებით, სატრანსპორტო საშუალებებს ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებში ალომბარდებდა.

პროკურორ ზურაბ წერეთლის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ახდენდნენ სხვადასხვა დოკუმენტაციის გაყალბებას, გაყალბებული დოკუმენტების წყალობით, სხვადასხვა პირზე გადაფორმებას, ხოლო ავტომანქანები ისევ რუსეთში გადაჰქონდათ.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე 3 პირი 2018 წელს დააკავეს. გორის სასამართლომ 2 პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო ერთ-ერთ მათგანს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა ითხოვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ყველა პირის მიმართ დადგეს, რადგან მსჯავრდებულს სხვების ეხმარებოდნენ თაღლითობაში. საბოლოო გადაწყვეტილება 2022 წლის 5 აგვისტოს გამოიტანეს. პროკურორ ზურაბ წერეთლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

საქმე 20-მდე ავტომობილის ლომბარდის თანხის მითვისების ფაქტს ეხება - ჯამში 200 000 დოლარამდე.

საქმის მასალების მიხედვით, რამდენიმე მანქანა რუსეთში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიისგან ,,იკარისგან'' იქირავეს. ჩამოიყვანეს საქართველოში, დაალომბარდეს და ისევ რუსეთში გადაიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები