ახალი ამბები
ზემო ბოშური (ფოტო/ვიდეო)


იმ დილით სოფელში ,,მაღაზია იყო ჩამოსული’’. ,,მოძრავი მაღაზია’’ - ასე უწოდებენ ადგილობრივები სხვადასხვა პროდუქტებით დატვირთულ მანქანას.

სოფლის ცენტრში თითქმის მთელი სოფლის მოსახლეობა იყო გამოსული, განსაკუთრებით ქალები. ყიდულობდნენ იმ პროდუქტებს, რომლის შესაძენად გორში ან თბილისში წასვლა აღარ მოუწევთ.

მამაკაცები კი შორიახლოს იყვნენ შეკრებილნი. მთავარ გზაზე მშენებლები ასფალტს აგებდნენ, ამინდიც შესანიშნავი იყო. კაცები იმედს იტოვებდნენ, რომ ამინდის გაუარესებამდე მოესწრებოდა გზის მოასფალტება.

თამაზ ქოქაშვილმა ქალაქიდან ჩასული სტუმრები თავისი ყურძნის დასაკრეფად მიგვიპატიჟა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჩვენი გამასპინძლება ჰქონდა განზრახული.

თავისი მოყვანილი ქიწნურა თავადვე მოგვიკრიფა და გაგვიმასპინძლდა.


ფოტო: ზემო ბოშური

,,ადრე არ მოდიოდა ეს ყურძენი. ზამთარი უსწრებდა და დამწიფებას ვერ ასწრებდა. ახლა კიდევაც დაგვიანდა, გადამწიფებულია’’ - გვითხრა თამაზმა. მისი აზრით, ეს კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.

მის ეზოში რამდენიმე პატარა სახლი დგას – ერთი ძველი, მამა-პაპური, მეორე ხისგან გაკეთებული და მესამეც ბაღის ბოლოს, ის უკვე ბლოკით. მისი შვილი და შვილიშვილები ბარში, ქალაქად ცხოვრობენ. თვითონ კი ქალაქს დიდი ხანია გამოექცნენ.

თამაზის მეუღლე, მზია გვიყვება, რომ მისი დამსახურებაა სოფელში დაბრუნება.


ფოტო: თამაზ ქოქაშვილი

,,ჩვენ წლების განმავლობაში ქალაქში ვცხოვრობდით. სოფელში შაბათ-კვირას მოვდიოდით ხოლმე. ისე არ მინდოდა ქალაქში წასვლა, რომ ამას ძალიან განვიცდიდი. ერთხელაც არდადეგები რომ დაიწყო, მაისი იყო, წამოვედი და აღარც დავბრუნდი თბილისში.’’ - ამბობს მზია.

ცოლ-ქმარი 45 წელია ერთად ცხოვრობს. მზიას მელაძისთვისაც ეს ხეობა მშობლიურია, რადგან სულ რამდენიმე კილომეტრში, სოფელი წედისია, სადაც დაიბადა. ერთმანეთი გორში გაიცნეს.

,,მე რკინიგზის სადგურზე შერეულ მაღაზიაში ვმუშაობდა, თამაზი კი სასადილოში მუშაობდა მზარეულად. მაღაზიაში შემოდიოდა ხოლმე და ასე გავიცანით. ძალიან ლამაზი იყო და თან შემოსავალი ჰქონდა. დედაჩემმა მითხრა, დროზე გაჰყევი, სანამ აზრზე მოვაო’’ - გვიყვება ხუმრობით მზია მელაძე – ქოქაშვილისა.


ფოტო: მზია მელაძე - ქოქაშვილისა

თამაზ ქოქაშვილი უკვე 70 წელს გადაცილებულია. ხის სახლი საკუთარი ხელით ააშენა. კიდევ აპირებს ოთახების მომატებას.

,,დღეს შეიძლება ცოტა ხალხი ცხოვრობს ჩვენს სოფელში. ბევრი გაჭირვება გვაქვს გადატანილი. მარტო 90-იან წლებში რამდენი ოსი წავიდა აქედან, ზოგი ვლადიკავკაზში, ზოგი – სად. ახლა ნელ-ნელა მატულობს ხალხი. ბევრიც ყიდულობს მიწებს. აშენებს სასტუმროებს. იცვლება ყველაფერი’’ - გვიყვება თამაზი და თან თავის აშენებულ სახლს გვათვალიერებინებს.

ზემო ბოშური გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ტანის ხეობაში. ატენიდან რამდენიმე სოფლის: ბობნევი, ბიისი, ორმოცისა და ქვემო ბოშურის შემდეგ.

ეზოს ჭიკართან ურიკით მეზობლის ბავშვმა ჩაიარა. ,,ეს პატარა ბიჭი საბაა. ბებრებს ეხმარება ხოლმე თავისი ურიკით. თუ ვინმეს ბარგი აქვს წასაღები, ეხმარება ხოლმე’’ - გვიყვება მზია.




ფოტო: საბა თავისი ტრანსპორტით ხანდაზმულებს ეხმარება

სოფელში სულ რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს. მათთვის მერიამ სკვერი მდინარის მეორე ნაპირზე, ნაძვნარის პირას გააკეთა. თუმცა, ახლა, შემოდგომის პერიოდში, იქ მზე აღარც აღწევს. ამიტომ სიცივეში და თანაც შორს მანძილზე ბავშვებს აღარ უშვებენ. ნადირი არ გამოვარდეს საიდანმეო.

ზემო ბოშურს ყოველთვის აიგივებენ ხოლმე ქვემო ბოშურთან, თუმცა ზემო ბოშური ნაკლებადაა გადატვირთული სახლებით. ეზოებიც ფართოა და დასასვენებლადაც ვრცელი სივრცეა. ქვემო ბოშური კი ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც სკოლაც მდებარეობს, ასევე სოფლის ადმინისტრაციის შენობაც, რამდენიმე საოჯახო სასტუმრო და ა.შ.

ბავშვები ქვემო ბოშურის სკოლაში დადიან. მათ ტრანსპორტი ემსახურება. რაც შეეხება სამგზავრო ავტობუსს, მთელ ხეობაში ერთი ავტობუსი დადის, კვირაში ორი დღე – სამშაბათს და ხუთშაბათს.

სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები მზია ჯალაღონია – შატაკიშვილსა მთავარი გზის გასწვრივ ცხოვრობს, თანაც სოფლის ცენტრში. ის სოფელში ჩამოსული სტუმრის ერთ-ერთი პირველი მასპინძელია. ზემო ბოშურში სამეგრელოდან გათხოვდა. მეუღლე 48 წლის წინ, სანატორიუმში გაიცნო. ამჟამად ცხოვრობს ვაჟთან ერთად.

,,როცა აქ გავთხოვდი, არც კი ვიცოდი, სად ცხოვრობდა ჩემი მომავალი მეუღლე. მატარებლით წამომიყვანა, მერე ტაქსი დაიქირავა და ასე ამომიყვანა სოფელში. ატენს რომ გამოვცდი, ვფიქრობდი ჩემთვის, სად მივყავარ ამ კაცსო. ასეთ მიუვალ ადგილებში არსად გადამჩეხოს-მეთქი. მანამდე არსად მენახა ასეთი ადგილები’’ - გვიყვება ხუმრობით მზია ჯალაღონია – შატაკიშვილისა.


ფოტო: მზია ჯალაღონია - შატაკიშვილისა

90-იანი წლების გაჭირვების პერიოდი კი დღემდე დაუვიწყარია სოფლის მცხოვრებლებისთვის.

,,მეუბნებიან ჩემი ძმები, წამოდი ჩვენთან სამეგრელოშიო, მაგრამ ჩემმა ქმარმა მომიყვანა აქ და აქ უნდა დავიმარხო’’ - ამბობს ჩვენი მასპინძელი. თუმცა, ცდილობს, ახალგაზრდები დაარიგოს, განსაკუთრებით გოგონები, რომ ვიდრე დაოჯახდებიან, ნახონ, თუ სად ცხოვრობს მისი მომავალი ქმარი, რომ მასსავით მიუსავალ სოფელში არ აღმოჩდნენ.

მზია შატაკიშვილი ფიქრობს, რომ ამიერიდან საჭიროა სამგზავრო ტრანსპორტის მიმოსვლა გახშირდეს. მას ხშირად უწევს გორში, კლინიკაში სიარული, ამიტომ სურვილი აქვს, რომ კიდევ ერთი რეისი დაემატოს და ავტობუსმა კვირაში სამჯერ იაროს.

როგორც კი მოსაღამოვდა, მთებს შორის მოქცეულ ზემო ბოშურში ნაადრევად დაისადგურა სიმშვიდემ. საქონელი სადგომებში დააბინავეს. ფრინველებმა დაიბუდეს. რამდენიმე სახლში უკვე ღუმელი ააგიზგიზეს. მართალია, როგორც თამაზმა გვითხრა, კლიმატი შეცვალა და ზამთარმა დააგვიანა, თუმცა საღამოს სუსხი უკვე გრძელი ზამთრის მოახლოების მაუწყებელია.

ვიდეო


Print

სტატიის გამოყენების პირობები