ახალი ამბები
კაბულაანთუბანი
კაბულაანთუბანი ქალაქ გორიდან ძალიანს ახლოს მდებარეობს. შემაღლებული ადგილიდან ქალაქის ხედებიც კი ჩანს.

თუმცა გორიდან მას ვერ შეამჩნევთ. დასახლება, რომელიც 20-მდე სახლს თუ ითვლის, ერთ პატარა ფერდობზეა შეფენილი. გარშემორტყმულია კოშკებით, რიეთით, ბეთლემით, სკრით და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ რიეთი, ბეთლემი და სკრა ერთმანეთისგან ,,განუყოფლები’’ არიან, ასეთი ,,კავშირი’’ რომელიმე სოფელთან კაბულაანთუბანს არა აქვს. ის კოშკებისგანაც კი ხევით არის გამოყოფილი. კაბულაანთუბანს ვერც ერთი ზემოთჩამოთვლილი სოფლების ნაწილად ვერ მიიჩნევთ.

კაბულაანთუბანი არც რუკაზეა მონიშნული, არც ადმინისტრაციულ რუკაზეა მოხსენიებული. ოსებით დასახლებული უბანი მიიჩნევა კოშკების ნაწილად. თუმცა, კოშკებისგან საკმაოდ დაშორებულია და გზაც კი არა აქვთ საერთო.

ამ სოფელში ყველა კაბულაშვილია, პირველად თამაზ კაბულაშვილს შევხვდი. გვითხრა, რომ ზამთრის პირობები მკაცრია, ამიტომ, სასმელი წყლის მრიცხველის დასაცავად მიწას აყრიდა.

,,40 ლარი ღირს ერთი ცალი მრიცხველი. არ მინდა, რომ ზამთარში დაზიანდეს. ამიტომ, მიწას ვაყრი, რომ ყინვებს გადაურჩეს’ - ამბობს თამაზი.

სოფელში, მისი თქმით, აღმშენებლობითი პროცესი 1986-7 წლების შემდეგ აღარ დაწყებულა.



,,ჯერ კიდევ გარდაქმნის დროს, კომუნისტების მმართველობის პერიოდში, შეწყდა აქ მშენებლობა. რაც მაშინ აშენდა სახლები, იმის მერე აღარ აშენებულა.’ - ამბობს თამაზი.

მან ისიც გაიხსენა, თუ საიდან მოდის კაბულაანთუბნის ისტორია.



გადმოცემის მიხედვით, კაბულაშვილების გვარის წინაპრები გერმის წმინდა გიორგის მხრიდან გადმოსახლდნენ ბნელეთის ეკლესიის სიახლობეს.

როგორც თამაზი ყვება, ეს ხდებოდა კომუნისტების პერიოდამდე. კომუნისტების შემდეგ კი, ნიკო კაბულაშვილი გადმოსახლდა იმ ადგილას, სადაც ახლა კაბულაანთუბანია.



იზოლდა ოქროშიაშვილი ამ სოფელში 1981 წლიდან ცხოვრობს. ის და თავის მეუღლე თანაკლასელები იყვნენ. უფროსკლასში სოფელ სკრაში სწავლობდნენ.

,,განსაკუთარებით გართულდა ცხოვრება 1990-იან წლებში. ამას ემატებოდა გაჭირვება, დენი არ იყო, არაფერი იყო. არეულობის მერეც დაიწყო ხალხმა სოფლიდან წასვლა’’ - იხსენებს იზოლდა. დღეს იმედი აქვს, რომ ოჯახები დაუბრუნდებიან თავიანთ კერას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები