ახალი ამბები
უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ცნობილი გახდა დაღუპული ქართველი მებროლების ვინაობაც. ესენი არიან:

ავთო რურუა;
რომეო ფირჩახია;
როლანდ კვარაცხელია;
ბადრი მარკელია;
მერაბ ალადაშვილი.

ქართული რაზმის წევრები "კადიროველთა" თავდასხმას ემსხვერპლნენ ბახმუტთან.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამჟამად დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ყველაზე ცხელი ვითარებაა. ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ყველა იქ მებრძოლი უდიდეს მადლიერებას იმსახურებს.

"შტაბის სხდომაზე მეთაურებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით ვითარება გამაცნეს. ვითარება დონეცკის ოლქში – ბახმუტში, სოლედარში ახლაც, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელი და მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს. იქ ყველა უდიდეს მადლიერებას იმსახურებს! დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. დიდება ყველას, ვინც შრომობს ჩვენი ქვეყნისთვის! მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ყველას, ვინც დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაწირა! დიდება უკრაინას!" – თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ბოლო, 28-ე ქართველი მებრძოლი, უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები