ახალი ამბები
ცხინვალში ე.წ. პარლამენტის წევრებმა დაგმეს ანსამბლ ,,ალანის'' მოცეკვავეების ვიზიტი თბილისში
ჩრდილოეთ ოსეთის ანსამბლ "ალანის" მოცეკვავეების ბოლო ვიზიტი საქართველოში განიხილეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ეროვნული პოლიტიკის, კულტურისა და რელიგიის კომიტეტის სხდომაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' აქვეყნებს. დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ამირან დიაკონოვი უძღვებოდა.

ამ ვიზიტმა, დიაკონოვის თქმით, ცხინვალში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საუბარია კონტაქტებზე იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც ჰქვია სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და რომელიც, მისი თქმით, არალეგალურია.

"მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი სახელმწიფო ანსამბლ "ალანის" მოცეკვავეების ვიზიტზე საქართველოში, კერძოდ, ტერორისტულ ორგანიზაციაში ე.წ. "სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში" ვიზიტთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთ დროს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ხელისუფლების ხელყოფის, ტერორიზმისა და სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლების მიხედვით. ეს სისხლის სამართლის საქმე რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის იურისდიქციაშია და იმისათვის, რომ უფრო კონკრეტულად გავეცნოთ სიტუაციას, აუცილებელია მათი მოწვევა. მიმაჩნია, რომ ამ ე.წ. "დროებით ადმინისტრაციასთან" ვიზიტები სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებისა და პროკურატურის ყურადღების ობიექტი უნდა იყოს", - განაცხადა ამირან დიაკონოვმა.

კულტურის მინისტრმა რადა ძაგოევამ, რომელიც კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს, აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი არაა გამონაკლისი, ქართული ჯგუფები მიდიან ჩრდილოეთ ოსეთში, ჩრდილოეთ ოსეთიდან კი საქართველოში ხშირი სტუმრები არიან.

"დიახ, ალანის მოცეკვავეები წავიდნენ საქართველოში, რაც არასწორია. პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ურთიერთობა გაწყვეტილია, ინტეგრაციის პროცესები არ დაწყებულა. ჩვენმა სტრუქტურებმა ყველა ეს საკითხი ჩრდილოეთის ოს კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განიხილონ. ჩვენ ახლა შეგვიძლია გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა, მაგრამ ამის მეტი არაფერი გაკეთდება, არანაირი ზომები არ იქნება მიღებული", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ანსამბლის "ალანის" კონცერტს ცხინვალში, კულტურის მინისტრის თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგეგმილი და მისი გაუქმება მიზანშეწონილი არაა რამდენიმე მოცეკვავის საქართველოში ვიტის გამო.

დეპუტატმა ალან თადტაევმა დასძინა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები ზღაპრულ თანხებს გამოყოფენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად რბილი ძალის საშუალებით.

"ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთის ოსი ხელოვანების ეს ვიზიტი საქართველოში ამ ფინანსური კომპონენტის გარეშე არ იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებმა მიიღეს გარკვეული ფინანსური სარგებელი ამ მასტერკლასების ჩასატარებლად. უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ მსგავს გამოვლინებებთან დაკავშირებით, რადგან ვიცით, რომ ვიღაცისთვის ფული არის ყველაფერი", - განაცხადა დეპუტატმა.

ამირან დიაკონოვმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შესთავაზო, რომ გაიმართოს ერთობლივი შეხვედრა კგბ-ს და პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით.

იხ. ამავე თემაზე:

,,მე დავიბადე აქ, საქართველოში'' - ანსამბლ ,,ალანის'' სოლისტი მაია ძაგოევი
Print

სტატიის გამოყენების პირობები