ახალი ამბები
მთავრობამ ქალაქ გორს 360 000 ლარი გამოუყო საახალწლო ღონისძიებებისთვის
ქალაქ გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტში ცვლილება შევიდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 დეკემბერს, 360 000 ლარი ქალაქ გორის მერიის ბიუჯეტისთვის გამოიყო.

როგორც კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გვანცა მჭედლიშვილი წერს, თანხა საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყო, რაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივის გათვალისწინებით.

,,ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაული არის წლის მთავარი მოვლენა, ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაული, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება სხვადასხვა საზეიმო შოუ-პროგრამებითა და ღონისძიებებით (კონცერტები; საშობაო ბაზრობების, გამოფენა-გაყიდვების, საბავშვო გასართობი სივრცეების, ფოტოგადასაღები ზონებისა და საახალწლო ინსტალაციების მოწყობა; მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ცერემონია, ფოიერვერკი და სხვა) და მასში ჩართულია ყველა ასაკის მოქალაქე.'' - აღნიშნულია კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელის გვანცა მჭედლიშვილის განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია 2022 წლის 31 დეკემბერს, ხოლო საახალწლო ზღაპარი პატარებისთვის 2023 წლის 3,4,5 იანვარი.

მანამდე 17 დეკემბერს, როდესაც ნაძვის ხე აინთება, გორში კონცერტი გაიმართება ,,ლოუდსფიქერსის'' შესრულებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები