ახალი ამბები
ნუ გეშინია პაპა - ქობესაანთუბანი


ძამის ხეობა საიდანაც იწყება, იქ გადასახვევია ქარელიდან მარცხნივ. სოფელი ქობესაანთუბანი სწორედ აქედან იწყება. ერთი შეხედვით, დასახლება სოფელ კეხიჯვრის გაგრძელებაა, მაგრამ მაინც ცალკე ითვლება.

,,გლეხის მოსავალს არაფერი ფასი არ აქვს შვილო. აი, ამის ზევიდან რომ გადახვიდე, ნებისმიერ ქვეყანაში, წყალი არ არის. სარწყავი არ არის."" - გვეუბნება მასპინძელი, რომელთანაც შევჩერდით. მისი ეზო ღიაა ყველასთვის, რადგან არც დიდი მესერი აქვს და შეიძლება არც არანაირი ბარიერი იმისათვის, რომ რომელიმე მცხოვრები შეგვემჩნია.

გიორგი გიორგაშვილმა სახლში შეგვიპატიჟა. ვუთხარით, რომ მანქანაში აპარატურას მოვიტანდით: ,,უბანში დიდი ტალახებია და მაგიტომ აღარ შემოიყვანეთ მანქანა ხომ?

ოჯახს ამ ეტაპზე ყველაზე დიდი იმედი აქვს, რომ საახალწლოდ ინდაურს გაყიდის და შემოსავალი ექნებათ:

,,მე მაგალითად ამ სიმინდის მოყვანა რაც დამიჯდა, მერჩივნა, მარცვალი მეყიდა. თანაც სხვა სოფელში მეთესა. მიდი, მოდი, მიდი, მოდი, "წყლები იქნება" , "წყლები იქნება". არ იყო იქაც წყალი და რა დროსაც მორწყვა უნდოდა, იმ დროს წყალი აღარ იყო. ამიტომაც, ვერ მოვიყვანე საკმარისი სიმინდი" - ამბობს გიორგი.



ოჯახის უფროსი წუხს, რომ მის გარდა, სოფელში უწყლოობამ სხვა ოჯახებიც დააზარალა:

,,მერე დააწესეს მორიგეობები. მარტო მე კი არ დავზარალდი?. ჩემი მეუღლის ძმასთან მეთესა ეს სიმინდი, მაგრამ იქ ხალხს 3 და 4 ჰექტარი ეთესა და წყალი არ იყო თავის დროზე. ძლევიჯვარში ავტობანის მეორე მხარეს მეთესა სიმინდი. ორჯერ მოვრწყე, მაგრამ მესამე, მეოთხე და მეხუთე უნდოდა და ვეღარა... წყალი აღარ იყო. აბა რის გულისთვის მომყავს ეს სიმინდი, ვაჭმევ ინდაურებს... რომ იტყვიან, რასაც მოვიმკი, იმას ვყიდი. მე კიდევ ავიტან იმ 40 მეასედის მოვლას, მაგრამ ხალხს 5 და 10 ჰექტრები უთესიათ. არ არის თავის დროზე წყალი.'' - ამბობს გიორგი.

როგორც იგი იხსენებს, სოფელ ქობესაანთუბანში სარწყავი წყალი კომუნისტევის პერიოდში არსებობდა. სპეციალური საქაჩი სადგურებით წყალი სოფლამდე აყავდათ.

,,კომუნისტების დროს ასარწყავებდნენ. ახლა ვინ მოგირწყავს. ვართ ღმერთზე დამოკიდებულები, თუ გაწვიმდა. თუ არა და... ადრე დათესავ, ყინვა გაშინებს. 50 კილო ლობიო დავთესე და 1 კილო არ ამიღია. გამიყინა, გათოხნილი გამიყინა. ტყის პირია რა...''

გიორგიშვილების ოჯახში არ თაკილობენ იმას, რომ მუშაოდ იმუშაონ, თუმცა მიწის ნაკვეთში, ან საქონლის მწყემსად:

,,არაფრისა მეხათრება. ნახირშიც დავდივარ, ბარის მუშადაც დავდივარ, თოხნითაც დავდივარ და ყველაფერი, მაგრამ ფიზიკურად რა? არა გვყოფნის... წახვედი მთელი დღე, იმუშავე დილის 6 საათიდან, საღამოს 6 საათამდე და 40 ლარი იშოვე. წამოხვალ საღამოს და 2 შეკვრა მაკარონი იყიდე და ლიტრა ზეთი? ცოტა ზაფხულში არა უშავს კიდე, ნახირში წავალ ვიმუშავებ, რომ ხელი მოვინაცვლო. არავინ არ არის ისეთი, რომ ულხინდეს, მომეტებულად იყოს. ყოველთვის გლეხია გაჭირვებული. გლეხს არ აქვს გახარება.'' - ყვება გიორგი გიორგიშვილი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები