ახალი ამბები
გორში ცოლისა და დედის ცემაში ბრალდებულს 400-საათიანი მუშაობა მიუსაჯეს - პროკურორის აზრით, ეს მსუბუქი სასჯელია
პროკურორი ნიკა მახარაძე, რომელიც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის პატიმრობას ითხოვდა, სასამართლოდან დამარცხებული დაბრუნდა.

პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა როგორც ბრალდებულმა, ასევე მისმა მეუღლემ, დედამ და შვილებმა. პროცესზე დანაშაულის შესახებ მხოლოდ პროკურორი ნიკა მახარაძე ლაპარაკობდა, თუმცა უშედეგოდ

პროკურორის ცნობით, 23 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, კერძოდ: სახეში ორჯერ ძლიერად დაარტყა ხელი და მუშტი ჩაარტყა მარჯვენა მხრის მიდამოში. ძალადობის გამო, მამაკაცს თავისმა დედამ - შენიშვნა მისცა, რაზეც განაწყენდა და დედასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი, რის შემდეგაც გამოეკიდა და ეზოში ერთხელ ძლიერად ჩაარტყა ხელი თავში.

ნიკა მახარაძის განცხადებით, მამაკაცი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა როგორც მეუღლეს, ასევე დედას. ამის გამო, გორის შს სამმართველოს თანამშროლებმა მამაკაცი დააკავეს.

გორის რაიონულმა სასამართლომ, არსებითი განხილვის შემდეგ, ბრალდებული გაამართლა.

პროკურორმა მახარაძემ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პროკურორის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდებულს საზოგადოებისთვის სასარგებლო 400-საათიანი მუშაობა დააკისრეს.

პროკურორმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან მიაჩნდა, რომ განაჩენი მსუბუქია. თავის მხრივ, განაჩენი ადვოკატმაც გაასაჩივრა.

უზენაესი სასამართლოს შეფასებით, იმ დროს, როდესაც ცოლიც, დედაც და შვილებიც დუმილის უფლებას იყენებენ, დანაშაულის შესახებ მხოლოდ პროკურორის საუბარი ზედმეტია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები