ახალი ამბები
,,დანაშაულის ამსახველი მძიმე კადრების ჩვენება დაუშვებელია'' - ქარტიის განცხადება
2022 წლის 9 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა მოსკოვში ქართველი მზარეულის მკვლელობის დაუფარავი კადრები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს.

მედიამ უნდა იფიქროს, რა გავლენის მომტანია დაზარალებულის ოჯახისა და ახლობლებისთვის მსგავსი შემზარავი გამოსახულების გავრცელება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილის ახლობლების რეტრავმირება.

ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ აღნიშნული კადრების გავრცელებისგან, უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი წაშალონ ყველა პლატფორმიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები