ახალი ამბები
,,სახიფათო სიტუაციაში არ არიან'' - გორის ,,დილა'' თურქეთში იმყოფება
გორის საფეხბურთო კლუბი ,,დილა'' თურქეთში იმყოფება. წუხანდელი მიწისძვრა იმ ქალაქშიც იგრძნობოდა, სადაც ფეხბურთელები იმყოფებიან.

როგორც პრესსამსახურმა გვაცნობა, ისინი სახიფათო სიტუაციაში არ იმყოფებიან.

,,ვესაუბრე ბიჭებს მთელი ღამის განმავლობაში. ანტალიაში არიან, ბიძგები მკვეთრად იგრძნობოდა, მაგრამ არ იმყოფებიან სახიფათო სიტუაციაში, ამ მომენტისათვის მათთან მშვიდობაა'' - გვითხრა პრესსამსახურმა.

თურქულ შეკრებაზე დაგეგმილია 4 ამხანაგური მატჩის გამართვა: 7 თებერვალს ხვდებიან უზბეკეთის ,,ნასაფის"; 13 თებერვალს - უკრაინის ,,ალექსანდრია"; 16 თებერვალს კი, უკრაინის ,,ინჰულეცის''.

რაც შეეხება მე-4 სპარინგ მატჩს, პირველადი შეთანხმებით იგი 10 თებერვალს ყაზახურ ორდაბასთან უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მეტოქე შეიცვალა და ახლა მეტოქის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

--------------------------------

6 თებერვალს გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში. თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები