ახალი ამბები
გორის სასამართლომ ავტოსკოლის დირექტორს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ერთ-ერთი ავტოსკოლის დირექტორს იმისათვის, რომ მან ყალბი დოკუმენტი დაამზადებინა.

ყალბი დოკუმენტი წარმოადგენდა ,,დ'' კატეგორიის მართვის მოწმობისთ ასაღებად საჭირო სერთიფიკატს.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით, ბრალდებულია პირი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ქ. ხაშურში, თუმცა ფულის გადაცემა გორში მოხდა.

,,ინდმეწარმე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ქ.ხ–ში, ავტოსკოლა "ლ–ში", შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ამზადებს მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდებისთვის და გასცემს სერტიფიკატებს. იგი შეუთანხმდა კიდევ ერთ პირს, რომ მსურველების არსებობის შემთხვევაში გასცემდა ყალბ სერტიფიკატს მოქალაქის მომზადების გარეშე, რომ თითქოს, მან მის ავტოსკოლაში გაიარა სწავლების კურსი.'' - აღნიშნულია პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის ბრალდებაში.

როგორც ირკვევა, პოლიციამ ავტოსკოლაში პოლიციის თანამშრომელი მიგზავნა "D" კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატის მისაღებად. პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით:

,,დანაშაულებრივ ჯგუფში ოპერატიულად ჩართულ ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდებულმა მოსთხოვა 50 ლარი იმისათვის, რომ დაემზადებინა "D" კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატი, ოღონდ სავალდებულო 2 - კვირიანი სასწავლო კურსის გავლის გარეშე'' - აღნიშნა პროკურორმა.

სასამართლომ ავტოსკოლის დირექტორსა და ყალბი დოკუმენტის დამამზადებელს 2-წლიანი პატიმრობის გარდა, 3000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები